9 მარტს, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლ „ჟიკჟიკობა ღამის“ პრემიერა გაიმართა, სპექტაკლი ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზეა
ეკატერინე შარიქაძემ სპექტაკლში მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ადამიანების ნამდვილი ამბები გამოიყენა
ინტერვიუ რეჟისორ ეკატერინე (კატო) შარიქაძესთან
„ჟიკჟიკობა ღამე“ მოგვიყევით სპექტაკლის შესახებ
სპექტაკლი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშობლოს თავი შესწირა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ომმა იმსხვერპლა და დღემდე არ ვიცით სად არის მათი საფლავები. ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა თავისივე ქვეყანაში დევნილობის სიმწარე და ყველა იმ სოფელსა თუ ქალაქს, რომელიც დღეს ოკუპირებულია. სპექტაკლის მოქმედება ხდება აღდგომის დამდეგ ღამეს, სასაფლაოზე… უფრო სწორად თითქმის მიტოვებულ სასაფლაოზე. დიდი ხნის გარდაცვლილი პაპა ილა და ბებია ოლა, უიმედოდ გაჰყურებენ ნისლში გახვეულ სოფელს და ელოდებიან, იქნებ ვინმეს მაინც გაახსენდეს მათი საფლავები, მრავალრიცხოვანი შთამომავლებიდან. ძალიან სენსიტიური თემებია პიესაში წამოჭრილი. მიხო მოსულიშვილს ნამდვილად შეუძლია ღრმად შემოიჭრას გულში და ტკბილ-მწარე სევდა დაგიტოვოს.
რატომ ეს სპექტაკლი და ეს პიესა?
ამ პიესას თითქმის გამოქვეყნებისთანავე გავეცანი და რაღაც სხვანაირად მომხვდა გულზე. ხშირად მეფიქრებოდა როგორი იქნებოდა სცენაზე, როგორ გაცოცხლდებოდნენ პერსონაჟები, მაგრამ თითქოს “ადგილი” დიდ ხანს ვერ მოვუძებნე. და აი ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მერაბ შარიქაძეს და მაია ჩართოლანს, დაბადებიდან საიუბილეო მრგვალი თარიღი შეუსრულდათ, ისევ ამოტივტივდა ეს პიესა. თან წლების გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა სათქმელი, როცა რუსეთი მხოლოდ საქართველოს მიმართ კი არა, აშკარა აგრესორად იქცა და უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა მისი რეალური სახე. ჰო და გადავწყვიტეთ რომ აუცილებლად უნდა გვეთქვა ჩვენი სიტყვაც და აი ასე დაიბადა “ჟიკჟიკობა ღამე”.
როგორი იყო მუშაობის პროცესი?
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში დავუკავშირდი პიესის ავტორს, ბატონ მიხო მოსულიშვილს და ვუთხარი რომ მის პიესას ვდგამდი. ძალიან გაუხარდა და მთელი გულით გვგულშემატკივრობდა. გამომიგზავნა თავისი სხვადასხვა ნაწარმოებებიც, რომლებიც თემატურად მიესადაგებოდა “ჟიკჟიკობა ღამის” სათქმელს. მეც ჩემის მხრივ მოვიძიე ამბები აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებიდან და გავაკეთე ინსცენირება. მსახიობები უკვე შერჩეულები იყვნენ და არც ერთ მათგანს არ ჰქონია მცირე ეჭვი ან უნდობლობა ჩემს მიმართ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რა თქმა უნდა იყო ჯანსაღი კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, ღელვა, ნერვიულობა, მაგრამ უნდობლობა არა. და ეს დაეტყო კიდეც სპექტაკლს. მე არ ვიცი როგორი სპექტაკლი დავდგი, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ერთ მუშტად არიან შეკრულები, ზუსტად ისე, როგორც გვინდა რომ იყოს ჩვენი ქვეყანა, ოკუპაციის და დაკარგული ტერიტორიების გარეშე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
არასოდეს წინასწარ არ ვსახავ სამომავლო გეგმებს. არც იმისთვის ვდგამ სპექტაკლებს, რომ რაოდენობრივად ან სათაურების მიხედვით ჩაეწეროს ჩემს ე.წ. სივიში. ძალიან უნდა შემაწუხოს სათქმელმა და ძალიან უნდა მინდოდეს ამის ხმამაღლა თქმა, რომ მერე ჯერ პიესად და შემდეგ სპექტაკლად ვაქციო. ამჟამად ვმუშაობ ახალ პიესაზე. ნაწილი დავწერე და ცოტა ხნით მინდა ვდისტანცირდე და მერე სრულიად სხვა თვალით წავიკითხო, რომ მივხვდე ეს ის არის რაც მინდოდა რომ დამეწერა თუ არა. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის.
თქვენი აზრით რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა ეს სპექტაკლი
არის თემები, რომლებსაც არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც მუდმივად უნდა შეეხო და გააღიზიანო ჭრილობასავით, რომელიც არ ხორცდება და კი არ უნდა შეახორცო, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა აღმოფხვრა. აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, ღია ჭრილობებია ჩვენთვის, რომელიც მართალია არ ხორცდება, მაგრამ ვერც წამალს ვპოულობთ მათ მოსარჩენად. პიესაში ორი მნიშვნელოვანი თემაა, ერთი ოკუპაცია და მეორე მიტოვებული საფლავები, რომელსაც ხშირად მხოლოდ ოკუპაციის გამო არ ტოვებენ. მერე ათას რამეს იმიზეზებენ თავის გასამართლებლად, თუ რატომ არ პატრონობენ იმათ საფლავებს, ვინც როგორც ამბობენ “ჩვენი ხელიდან შენდობას მოელის”. თუ ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც მოუნდება გავიდეს წინაპრების საფლავებზე, თუნდაც ერთი ადამიანი მაინც გაბრაზდება, რომ ოკუპირებულ რეალობაში უწევს ცხოვრება და გადაწყვეტს რომ ამას არ უნდა შეეგუოს, ჩავთვლი რომ ერთი პაწაწკინტელა კენჭი მეც დავდე ჩემი ქვეყნის საქმეში.
მასალაში გამოყენებულია ბექა ცირეკიძის ფოტოები