![თეატრი არის სულიერი შვება, ყველაზე დიდი მისიაა როცა ხარ თეატრის მსახიობი - ანდრია გველესიანი 1 430992229 959012135872313 5384169433384170010 n](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/430992229_959012135872313_5384169433384170010_n.jpg)
ანდრია გველესიანი – მსახიობი და მომღერალი. ანდრია ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მამა ცნობილი მომღერალი დავით გველესიანია, დედა კი პოპულარული მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი. ამიტომ არავის გაკვირებია, რომ მან სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო.
სკოლის შემდეგ არჩევანი მან თეატრზე შეაჩერა და დღეს ახმეტელის თეატრის გამორჩეული მსახიობია. მას ასევე ვხვდებით, „თეატრ სახელოსნო 42-ის“ სპექტაკლ „ოტელოში“, ასევე წისქვილის თეატრში სპექტაკლ „მამმა მიასა“ და „ჩიკაგოში”. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა ის „თეატრ სახელოსნო 42-ში“ პრემიერისთვის ემზადება და მაყურებელი მას მალე იხილავს.
როგორია მსახიობისა და მომღერლის სამომავლო გეგმები, რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში თეატრს და როგორია მისი ცხოვრება თეატრის გარეშე – ამ ყველაფერს Kulisebi.ge-სთან მომზადებულ ინტერვიუში იხილავთ
ინტერვიუ ანდრია გველესიანთან
![თეატრი არის სულიერი შვება, ყველაზე დიდი მისიაა როცა ხარ თეატრის მსახიობი - ანდრია გველესიანი 2 image 8](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-8-1024x538.png)
რატომ დაინტერესტდით თეატრით და როდის გადაწყვიტეთ თეატრალურში ჩაბარება
ჩემი თეატრით დაინტერესება მოხდა სხვა ქვეყანაში, როცა მე-10 კლასში ვიყავი საცხოვრებლად მადრიდში გადავედი, მაგ დროისთვის სპორტით ვიყავი დაკავებული და აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს. როცა კოლეჯში ჩავაბარე, იქ უნდა ამერჩია კონკრეტული მიმართულება ან ტექნოლოგიების ანდა თეატრის მიმართულებით, რადგან ყოველთვის ვმღეროდი და ძალიან მიყვარდა მუსიკა გადავწყვიტე ბედი თეატრში მეცადა.
საბოლოოდ ყველაფერი ისე კარგად განვითარდა, რომ ჩემთვის ჩემი თავი ნამდვილი აღმოჩენა იყო თეატრში. პირველად სწორედ მადრიდში მივხვდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. თბილისში დაბრუნებისთანავე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, ნუკრი ქანთარიას ჯგუფში
პირველი სპექტაკლი რაშიც ითამაშეთ?
პირველი სპექტაკლი უკვე იყო საქართველოში, მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლ ქორეოგრაფიულ სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტაში“ სადაც რომეოს როლს ვასრულებდი, ჩემი მეუღლე მაიკო ვასაძე კი ჯულიეტა. ისე მოხდა რომ მაიკოს სხვა პარტნიორი უნდა ყოლოდა, რომელსაც მე ფეხი მოვტეხე და მან ვეღარ შეძლო ამ როლის შესრულება (ხუმრობით) მან ვეღარ შეძლო სპექტაკლში მონაწილეპბის მიღება და ასე აღმოვჩდით მე და მაიკო ერთად სპექტაკლში.
შემდეგ უკვე იყო მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სპექტაკლი იუნესკოს „მაკბეტი“, რომლისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ. სწორედ ამ სპექტაკლით მოვხვდი „ახმეტელის თეატრში“.
დღევანდელი გადმოსახედიდან, პროფესიას თავიდან რომ ირჩევდე ისევ ამ პროფესიას არ აირჩევდი?
არ მიყვარს როცა წუწუნებენ და ამბობენ რომ დაიღალნენ თავისი ცხოვრებით, „მძულს“ ის ხალხი ვინც ყოველთვის წუწუნებს. ჩემი დღეები ისეა, რომ შეიძლება დღეში 2 სპექტაკლი, 7 რეპეტიცია და კონცერტები მქონდეს, ამ პროფესიას რომ ირჩევ უნდა იცხოვრო ხალხისთვის. არ ვწუწუნებ ხოლმე მაგრამ, ყოფილა მომენტები როცა ჩემთვის მითქვამს, ან მაიკოსთვის მითქვამს რომ ვყოფილიყავი სპორტსმენი ხომ დავისვენებდი თქო, რომ არ თეატრი და მსახიობობა მე აუცილებლად ვიქნებოდი სპორტსმენი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები თეატრში?
ყოველთვის მადლობელი ვიყავი ჩემი ცხოვრების, რადგან ყოველთვის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში საინტერესოდ ვითარდება. დღეს, ახმეტელის თეატრში ძალიან დატვირთული ვარ და კიდევ ვმუშაობთ ერთ ახალ სპექტაკლზე, ირაკლი გოგიასთან ერთად, სამწუხაროდ მეტ დეტალს ვერ გაგიმხელთ. გარდა ამისა, ვარ Factory 42-ში ბატონ ლევან წულაძესთან, სადაც ვთამაშობ ოტელოში, ასევე აქაც ვემზადებით ახალი სპექტაკლისთვის სახელწოდებით „ტუტსი“ რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს.
როლი რომლისაც მადლიერი ხარ …
ჩემთვის ყველა როლი იყო ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა შესრულებული როლის მადლიერი ვარ. არასდროს არ წავსულვარ უკან და ყველა როლში ჩემს თავში აღმომიჩენია რაღაც ახალი …
თუ არის როლი რომელზეც უარი თქვით და შემდეგ ინანეთ
როგორც მსახიობს, ჩემს თავში რაც მომწონს არის მიმღებლობა… არასდროს უარი არ მითქვამს შემოთავაზებულ როლზე თუ რა თქმა უნდა რაღაც არ მიშლის ხელს, მაგალითად დროის დეფიციტის გამო. არ არსებობს როლი რაზეც მე უარს ვიტყვი, რადგან ყველა როლი შენს, როგორც მსახიობის გაზრდას ნიშნავს
თქვენი სამომავლო გეგმები, მუსიკის მხრივ …
![თეატრი არის სულიერი შვება, ყველაზე დიდი მისიაა როცა ხარ თეატრის მსახიობი - ანდრია გველესიანი 3 image 9](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-9-1024x683.png)
დაახლოებით ორი წელი რაც ბენდი მყავს და ვფიქრობ ყოველდღიურად ვითარდებით და ვიზრდებით… მე როგორც ავტორ შემსრულებელი ვაპირებ, რომ უფრო მეტი სიმღერა შევქმნა … არის სიმღერები რომელიც ჩემს მსმენელს ძალიან უყვარს მაგრამ, მეტი და მეტია საჭირო … ზაფხულისთვის გეგმაში მაქვს, რომ ჩავატარო ძალიან დიდი სოლო კონცერტი.
თუმცა, რაღაცნაირად არ ვყობ ხოლმე და ჩემს თავსაც მხოლოდ მოვიაზრებ, როგორც არტისტს.
ერთ დღეს, რომ თეატრი გაქრეს როგორი იქნება თქვენი ცხოვრება …
ჩემთვის თეატრი არის სულიერი შვება, ყველაზე დიდი მისიაა როცა ხარ თეატრის მსახიობი. თეატრში, რომ შედიხარ უნდა ჩათვალო, რომ ხარ ერთ დიდ ორგანიზმში და აქ შენი ყველა შესაძლებობა უნდა გამოიყენო, რომ შენი სათქმელი და პიესის სათქმელი ბოლომდე მიიტანო მაყურებლამდე … შესაბამისად, ამის გარეშე მე როგორ ვიცხოვრებდი არ წარმომიდგენია და არც ვფიქრობ მაგაზე …
მიფიქრია ბევრჯერ, მხოლოდ მსახიობი, რომ ვიყო ან მხოლოდ მომღერალი ხო ბევრად მარტივი იქნებოდა ჩემი ცხოვრება … მაგრამ არა, თეატრი არის ადგილი სადაც შენს დემონებს აღვიძებ და შენს ბევრ ხასიათს გამოავლენ .. როცა მომღერალი ხარ და დგახარ სცენაზე იქ მხოლოდ შენი თავი ხარ, იქ მხოლოდ ანდრია გველესიანი ვარ … მე ისიც მჭირდება, რომ სხვა ვიყო ამიტომ აუცილებელია თეატრი და მოდი იარსებოს და არასდროს გაქრეს …
![თეატრი არის სულიერი შვება, ყველაზე დიდი მისიაა როცა ხარ თეატრის მსახიობი - ანდრია გველესიანი 4 image 10](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-10.png)
“ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკლელობა “ | ახმეტელის თეატრი