![კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა 1 358102359 757440989717632 2147668607484624153 n](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/04/358102359_757440989717632_2147668607484624153_n-1024x538.jpg)
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა.
როგორც კინოფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე წერია სუბსიდიის გარეშე ფესტივალს ჩაშლის საფრთხე ემუქრება.
პოსტში წერია, რომ ამ ეტაპზე კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ აქვს დაფარული. ეროვნული კინოცენტრი TIFF-ის სპონსორი 20 წლის განმავლობაში იყო.
კინოფესტივალის ორგანიზატორების აზრით დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა თეა წულუკიანსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას ეკუთვნის.
“მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოს კინოინსტიტუტი, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება”. – წერია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებაში.
2023 წლის კინოფესტივალზე ფინანსური სუბსიდირების მიუხედავად პრესკონფერენციაზე არ მივიდა კინოცენტრის არც ერთი წარმომადგენელი.