![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 1 428698773 10231518681136345 5280516699889866942 n e1710235602354](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/428698773_10231518681136345_5280516699889866942_n-e1710235602354-1024x584.jpg)
„ყველაზე ჩემებურად, გულწრფელად და პირდაპირ რომ ვთქვა – “მაგრა მევასება” :))) სცენაზე ძალიან თავისუფალ, ბუნებრივ და ჩემ ამპლუაში ვგრძნობ თავს“ – ამბობს მსახიობი Kulisebi.ge-სთან ინტერვიუში
მარიამ ჯოლოგუამ, თავისუფალ თეატრში მოღვაწეობა სპექტაკლით “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ…” დაიწყო. სწორედ ის, ნიკო გომელაური და აპოლონ კუბლაშვილი იყვნენ ამ სპექტაკლის პირველი შემადგენლობა. თუმცა, სპექტაკლის პრემიერიდან 9 წლის თავზე – თავისი როლი თეატრის შემდეგ, უფრო ახლგაზრდა თაობას დაუთმო. ამჟამად, მისი ნახვა შესაძლებელია სპექტაკლებში : “სხვების ცხოვრება”, “სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი”, “რიჩარდ მესამე”.
მსახიობი ფართო საზოგადოებამ ყველასათვის საყვარელი სერიალ “შუა ქალაქიდან” – გაიცნო, სადაც ის “ანანოს” როლს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ, მან რამდენიმე ფილმზე დაასრულა მუშაობა და მას ეკრანებზე სულ მალე ვიხილავთ
როგორია მსახიობის სამომავლო გეგმები, მიზნები – რაზე ოცნებობდა ის ბავშვობაში, რომელია მისი საოცნებო როლი – ამ ყველაფერს ჩვენს მიერ მომზადებილ ინტერვიუში გაიგებთ.
ინტერვიუ მარიამ ჯოლოგუასთან
მსახიობობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო? რაზე ოცნებობდა პატარა მარიამი?
ბავშვობის ოცნება არ მახსოვს. ასე გაცნობიერებული არ მქონდა. თუმცა, მახსოვს, რომ სულ რაღაც განსხვავებულს ვიცვამდი და სახლში სხვადასხვა ქალებს ვთამაშობდი. ალბათ, ვმსახიობობდი.
14 წლიდან უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მხოლოდ მსახიობობა მინდოდა. თუმცა, მაშინ უკვე დიდი ვიყავი. და ეს უკვე ოცნება აღარ იყო. ეს მიზანი გახდა. ზოგადად, მგონი მეოცნებე არ ვარ. მიზნები მაქვს და მათი განხორციელებაზე ვმუშაობ
პირველი სპექტაკლი რომელშიც ითამაშეთ, როგორი იყო პირველი ემოციები?
პირველი სპექტაკლი იყო მესამე კურსზე. ლილი იოსელიანის ჯგუფში ვიყავი და მანვე დადგა შექსპირის “მეთორმეტე ღამე”. ოლივიას ვთამაშობდი. დღემდე ჩემი უსაყვარლესი როლია. უსაყვარლესი კოსტიუმიც (მხატვარი:თინათინ ჰაინე). ორჯერ ვითამაშეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივხდვი, რომ ჩემი ოცნების როლი იყო. უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ამ არაამქვეყნიური გოგოს საკუთარ თავში შეგრძნებამ. მას მერე შექსპირი ჩემთვის მთავარი ავტორია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მის ტექსტთან ურთიერთობა. უკვე 10 წელია ვთამაშობ თავისუფალ თეატრში, “რიჩარდ მესამეში” დედოფალ ელისაბედს (რეჟ.: ავთანდილ ვარსიმაშვილი)
![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 2 image](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image.png)
როგორია თქვენი ერთი დღე თეატრის გარეშე?თქვენიჰობი/ინტერესები?
თეატრის გარეშე ბევრი დღე მაქვს… ვისურვებდი მეტი თეატრით დატვირთული დღე რომ მქონდეს… თუმცა, თამაშის გარეშე – არცერთი. მსახიობობა პროფესია არაა. ეს ცხოვრების წესია. საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა
თქვენი საოცნებო როლი?
საოცნებო როლი… რა თქმა უნდა, არის როლები, რომლის თამაშსაც ვისურვებდი. მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, საოცნებო როლები ცოტა ‘მძიმედ მოგყვება’. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ბედმა გამიღიმა და ოცნების როლი შემხვდა. ნინა ზარეჩნაია – ნინო ბურდულის სპექტაკლში. ბევრი ვეჭიდავე საკუთარ თავს… როცა როლზე ოცნებობ, შენში უკვე ჩამჯდარია მასზე სტერეოტიპები, შეხედულებები. ასევე რათაცნაირად გამძიმებს პასუხისმგებლობა. გზადაგზა შემხვედრი როლების გაცოცხლება უფრო აზარტულია. ასევე აზარტია, როცა ასეთ შემხვედრ მოცემულობაში ახერხებ შენი სათქმელის ჩადებას, მორგებას და გათავისებას. მაგალითად, ჩემი ერთერთი საყვარელი როლია დარიკო, გოგი მარგველაშვილის სპექტაკლში “სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი”. ეს ნაწარმოები რამდენჯერ წამიკითხავს ან მინახავს, მაგრამ დარიკოზე არასდროს არც მიფიქრია. თუმცა, რეჟისორმა ისე წარმართა ამ პერსონაჟის ხაზი, რომ ძალიან დასამახსოვრებელი სახე შეიქმნა. ასევე მქონია შემთხვევა, როცა უკვე პრემიერის მერე მივხვდი – “ეს ხომ ჩემი ოცნების როლი ყოფილა”. ასეთ როლებში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს
რა არის თეატრი თქვენთვის? თქვენთვის სცენაზე დგომა?
ყველაზე ჩემებურად, გულწრფელად და პირდაპირ რომ ვთქვა – “მაგრა მევასება” :))) სცენაზე ძალიან თავისუფალ, ბუნებრივ და ჩემ ამპლუაში ვგრძნობ თავს. მაშინაც კი, როცა სრულიად სხვანაირ პერსონაჟს ვანსახიერებ. მგონია, რომ უფრო თამამი, მომხიბვლელი და საინტერესოც ვარ, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ან, სცენაზე მეტად ვინდომებ, რომ ასეთი ვიყო
ერთ დღეს, რომ თეატრი გაქრეს როგორი იქნება თქვენი ცხოვრება?
მთელი ოჯახი უმუშევრები დავრჩებით :), პანდემიის შემდეგ, აღარაფერი გამიკვირდება. მაშინ ზუსტად ეს მოხდა და ვიპოვე სხვა გზები შინაგანი შემოქმედებითი მოთხოვნილებების რეალიზებისთვის. ალბათ, ისევ ასე მოვიქცევი, თვითგამოვლენის სხვა მეთოდებს მოვძებნი.
როგორც ვიცით ახლახან დაასრულეთ ერთ-ერთ ფილმზე მუშაობა, მეტი რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ?
![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 3 image 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-1-1024x653.png)
![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 4 image 2](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/image-2-1024x649.png)
ახლახანს 2 ფილმზე ვიმუშავე, რისიც ძალიან მოხარული ვარ. კინოგამოცდილებით არ ვარ მდიდარი. არადა, კინო უზომოდ მიყვარს და მაინტერესებს. ზაფხულში გადაღებული ფილმის პრემიერა უკვე შედგა. ესაა “ეშმაკის სამოთხე” (რეჟ.: ხათუნა ვაშაძე, სცენარის ავტორი : გუგული ქებურია). ყველაფერი ძალიან უცებ და მოულოდნელად მოხდა. ქალის მთავარ როლზე აღმოვჩნდი რეზო ჩხიკვიშვილთან, ზურა ყიფშიძესთან და ალეკო მახარობლიშვილთან ერთად. ვფიქრობ, უდიდეს რისკზე წავედი, როცა დავთანხმდი. გაამართლა თუ არა ამ რისკმა – ვერ ვიტყვი. ამაზე მაყურებელმა უნდა იმსჯელოს. მეორე ფილმის პრემიერას ენითაუწერლად ველი. ნოემბერში გადამიღეს. უზომოდ სასიამოვნო გადაღების და მუშაობის პროცესი იყო. მომავალი ფილმის სახელია – “უსიერ ტევრში” და მისი შემქმნელები ნინო და არჩილ ახვლედიანები არიან. მეტს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი – ჯერ კინოპრემიერა უნდა შედგეს
ცნობილია რომ გაქვთ თეატრალური სკოლა “Et Cetera…”, როგორია სკოლის სამომავლო გეგმები?
ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია “Et Cetera…” ჩემი მესამე შვილია. და მისი გეგმები ყოველთვის ცნობილია : ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის ქმნის ახალს. ზაფხულისთვის არაერთი პროექტის მზადებაა დაწყებული და იმედი მაქვს, ეს სეზონიც დიდ ზეიმს და სიხარულს მიანიჭებს ჩვენს ყველა მოსწავლეს და მაყურებელს …
![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 5 430986932 10231603178048715 1014398966462830767 n](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/430986932_10231603178048715_1014398966462830767_n-1024x683.jpg)
![მსახიობობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია - საკუთარ თავში სულ რაღაცას თხზავ, ეძებ, სინჯავ… ინახავ… ეს ჰაერივითაა - მარიამ ჯოლოგუა 6 431223595 10231603178368723 4811269816119039870 n](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/431223595_10231603178368723_4811269816119039870_n-1024x683.jpg)
როგორ შეაფასებდით მაყურებელს? და რა რჩევას მირჩევდით მათ?
მაყურებელს… ძალიან საფრთხილო კითხვაა. მაყურებლის გარეშე ხომ ჩვენი საქმიანობა ფუნქციას კარგავს. მაყურებელს ვუსურვებდი ბევრი და ხარისხიანი სპექტაკლისა და ფილმის ნახვას. იმისათვის, რომ ნათლად არჩევდნენ რამდენად ღირებულია ესა თუ ის სპექტაკლი და სანახაობა. და მიგვითითონ. ოღონდ ობიექტურად და კორექტულად. ასეთი მითითება უნდა მიმართული იყოს კულტურის ხარისხისა და აქტუალურობის განსაზღვრისა და გაუმჯობესებისკენ. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს უხეში, ირონიული, უგემოვნო და შეურაცხყოფელი. რაც, სამწუხაროდ იშვიათი არაა სოც.ქსელების მეშვეობით. კიდევ, ვთხოვდი, მეტი გულისყურით და პატივისცემით მოეკიდონ იმ ელემენტალურ წესებს, რაზეც ყოველი სპექტაკლის წინ ხდება გაფრთხილება, მაგრამ ზოგჯერ უგულვებელყოფილია. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და ურთიერთპატივისცემას საჭიროებს.
ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სიახლეები – გნახავთ თუ არა უახლოეს მომავალში სხვა სპექტაკლებში …
სამომავლო გეგმებზე ვერაფერს გეტყვით. სამწუხაროდ, ეს მსახიობის პროფესიის უარყოფითი მხარეა : შენ ვერ გეგმავ, რას ითამაშებ. ელი – რას შემოგთავაზებენ და იქიდან აკეთებ არჩევანს. ამჟამად, როგორც მსახიობი, კონკრეტულად არაფერზე ვმუშაობ. ძალიან დაკავებული ვარ სტუდიით, ვმუშაობ ჩვენ გადაცემაზე “სტუმრად შუა ქალაქში”, მაქვს სხვადასხვა ერთჯერადი პროექტები… თუმცა, ჩემს ერთადერთ პროფესიად ყოველთვის მხოლოდ მსახიობობას ვასახელებ