ანჩო თოგოშვილი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობია ის ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და წისქვილის „თეატრის“ მსახიობია. ინტერვიუში ანჩო გვიყვება მის კარიერაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.
ინტერვიუ ანჩო თოგოშვილთან
დავიწყოთ სულ თავიდან, როდის გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი მსახიობი და ჩაგებარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში ?
ეს იყო რამდენიმე წლის წინ, მახსოვს ,,შეყრას ‘’ ვუყურებდი ანა ზამბახიძის მონაწილეობით მუსკომედიის ძველ თეატრში და მაშინ დავფიქრდი, რომ ერთხელ ვცხოვრობ და მე რატომ არ უნდა ვიდგე ასე სცენაზე და რატომ არ უნდა ვიყო მაყურებლებისთვის მეთქი… აი მანდ გადამიტრიალდა, რომ თურმე სურვილი მქონდა მსახიობი გავმხდარიყავი.
შემდეგ უკვე 2020 წელი იყო, კორონას პერიოდი, ტიკ ტოკერობა დავიწყე და ხალხი დადებითად ამყვა, როგორი მსახიობური ნიჭი გაქვსო და ამბები და მე ვერ ვიჯერებდი მაგას თუმცა იმ წელს გადავწყვიტე მომზადება და ტურებზე გამოსვლა.
პირველი როლი რომელიც შეასრულე სცენაზე იყო ?
პირველი როლი იყო ბელიაშვილზე თეატრში ,,მამა მია’’ თუმცა არ ვთვლი რომ ეს პირველი როლია.
შემდეგ იყო უფრო მინიმალურ სცენაზე მინიმალურ მსახიობებში და სახელმწიფო თეატრში მაია ჩართოლანის სპექტაკლი ,,ჩაი ჭუჭრუტანაში’’ მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
ცნობილი ფაქტია, რომ ძალიან კარგი სტუდენტობის წლები აქვთ თეატრალურის სტუდენტებს და ორი სიტყვით, რომ გვითხრა რას ნიშნავს იყო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ?
იყო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ეს კითხვა რომ წავიკითხე იმ წამში გამაჟრიალა. აი ამას ნიშნავს არ ვიცი როგორ ავხსნა უნივერსიტეტსაც ვერ ვეძახი ეს არის ჩემი მეორე სახლი, ჩემი მეორე ოჯახი ძირითად დროს ამ უნივერსიტეტში ვატარებ ვიდრე სახლში. ვარ ის რაც რეალურად ვარ ვაკეთებ და ენერგიას ვდებ იმაში რაც მიყვარს თუ არ გამოდის ცდის საშუალება გაქვს.
იყო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ეს არის გქონდეს საშუალება იყო სრულიად სხვა სამყაროში სადაც ბევრი შენნაირია ერთნაირი სურვილები გაქვთ, ყველა ცოტა ,,დარტყმულია’’ რასაც ამას ნორმალურ ფაქტად აღვიქვამთ. ეს არის ადგილი შენი თავის უკეთესად გაცნობის შესწავლისა და ბედნიერების.
გაქვს თუ არა საოცნებო როლი ?
საოცნებო როლი ასე არ მაქვს, თუმცა ყველა როლი საოცნებოა რაც ჩემთან ახლოს იქნება ან თუნდაც არ იქნება არ ვიცი ვერ ვხსნი.
გამიხარდება თუ ამის შესაძლებლობა მექნება და ბევრი ტიპის როლს ვითამაშებ და მოვირგებ.
რამდენიმე თვის წინ გქონდა პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ,, ოცნება თუ სინამდვილე’’ ინოლა გურგულიას სიმღერებისა და ჩანაწერების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის. რას გვეტყვი შენს როლზე და თავად სპექტაკლზე ?
ოცნება თუ სინამდვილე ეს არის სპექტაკლი, რომელიც გულს მითბობს და ჩემთან ახლოსაა. სამსახიობოს მისაღებზე მახსოვს ინოლა გურგულიას ლექსი წავიკითხე, ასევე პროზა და პლიუს ვიმღერე… ჩავაბარე და მიმიღეს ამის შემდეგ ვთამაშობ მის სპექტაკლში ალბათ ხვდებით რას ნიშნავს ჩემთვის ეს როლი.
ამ ქალის სიყვარულს იმხელა ძალა აქვს სულ წინ და წინ მივყავარ ამ პროფესიაში და მგონია, რომ მომყვება ამ გზაზე და მეხმარება ვიყო კარგი. ეს სპექტაკლი ამას ნიშნავს ჩემთვის.
არსებობს როლი რომელზეც ოდესმე უარს იტყვი ?
ეს შემთხვევა ალბათ უფრო მეტად კინო ფილმის შემთხვევაში მექნება . ჯერ გარკვევის პროცესში ვარ ამ პროფესიაში და რთულია რაღაცის დათმობა სულ ცდილობ ჩაეჭიდო და გამოცადო ამიტომ ახლა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ასეც მოვიქცე თუ გაუგებარი იქნება ეს შემოთავაზებული როლი ჩემთვის გაუგებარი და ალოგიკური.
გაგვიმხელ საიდუმლოს და გვეტყვი არის თუ არა რაიმე ახალი პროექტი რომელზეც ახლა მუშაობ ?
ამ ეტაპზე ახალი არაფერი ხდება. ვთამაშობ ისევ სამ სპექტაკლში და ძირითად დროს ვუთმობ სალექციო პროცესს, ნაწყვეტებს რაც უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე.
როგორია ანჩო კულისებს მიღმა ?
ანჩო კულისებს მიღმა… ნერვიული, მღელვარე, სულ ჩუმად ვარ და ვფიქრობ ყველაფერზე ვფიქრობ გასვლაზე . ერთი სული მაქვს შევიდე რომ ვფიქრობ რომ ახლა შევალ უფრო ვღელავ ვერ ვხსნი იმ ემოციებს ყოველ ჯერზე თითქოს თავიდან აბარებ გამოცდას და თავიდან გადიხარ ამ ნერვიულობასა და ღელვას ,მაგრამ როცა სცენაზე ხარ ყველაფერი გავიწყდება და იმ სამყაროში იწყებ ცხოვრებას.
რას წარმოადგენს შენთვის თეატრი და სცენა ?
თეატრი და სცენა. ალბათ ამასაც ვერ ავხსნი ეს არის ადგილი, სადაც გარდა იმისა რომ ხარ შენი თავი ხარ გულწრფელი მაყურებლებისთვის ხარ ალალი ამ ყველაფრის თანხლებით იქცევი სრულიად საპირისპიროდ როდესაც როლს თამაშობ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ,,მუღამი’’ ამ ყველაფრის. სცენა და თეატრი არის შანსი გამოხატო შენი თავი სხვადასხვა გზებით სხვადასხვა ადამიანის კანში შესვლით და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ხალხის აწკრიალებული თვალები, სევდიანი თვალები და მხიარული თვალებია. სიბნელეში ეს ენერგიების გაცვლა თითქოს დღეს შენ რაღაც სამაგალითო გააკეთე დააფიქრე ადამიანი და შეიძლება ცხოვრება მთლიანად აუყირავე.
და ბოლოს რას ეტყოდი მაყურებელს ?
მაყურებელს ვეტყოდი არასდროს არ შეწყვიტონ თეატრში სიარული, ზუსტად იცოდნენ რისთვის მოდიან ზუსტად აიღონ ის ემოცია რაც აკლიათ ცხოვრებაში, იარონ თეატრში და განიტვირთონ.
ავტორი: ნინი წყარუაშვილი