ქალაქის თეატრი პრემიერისთვის ემზადება – „გაჩერება“ ასე ქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი 17, 18 და 20 აპრილს მაყურებელი ქალაქის თეატრში იხილავს, სპექტაკლზე რეჟისორი ანუკი ხიდეშელი მუშაობს.
Kulisebi.ge სპექტაკლის შესახებ რეჟისორ ანუკი ხიდეშელს ესაუბრა – როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რას უნდა ელოდოს მაყურებელი და როგორია რეჟისორის მოლოდინები?
ინტერვიუ ანუკი ხიდეშელთან
პირველ რიგში, მოგვიყევით პიესის შესახებ …
დრამატურგმა მიურეი შიზგალმა პიესა დაწერა სიყვარულის შესახებ ვციტირებ: „დღეს სიყვარულმა დაკარგა თავისი ჭეშმარიტი არსი, ჩვენ დავამახინჯეთ და შეურაცხვყავით ეს გრძნობა, ის გახდა ყალბი, გადაგვარდა ფიზიკურ მიზიდულობაში.“ ამ თემას დავამატე ის სათქმელი რომელიც მე მაინტერესებდა და პიესას სახე ვუცვალე, ასევე შეიცვალა სამივე პერსონაჟის ხაზი, ფინალი და მთავარ სათქმელად კი ავიღე ფრაზა რომელიც გვეკითხება: “რა გვსურს, ვიცხოვროთ ისე როგორც ვოცნებობდით, თუ ისე როგორც გამოგვდის”. თვითონ ლოკაციად მხატვართან ერთად ავირჩიეთ ავტობუსის გაჩერება რადგან სიმბოლურ დატვირთვას აძლევს ამბავს. ყველანი “გაჩერებაზე” ვდგავართ და თავად ვურჩევთ საით წავიდეთ ან რომელ სადგურზე გავჩერდეთ, სწორედ ასე ვწერთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ისტორიას.
რატომ გადაწყვიტეთ ამ პიესაზე მუშაობა …
ვთვლი რომ ყველაფერი ჩვენს დროში ვარგისიანობის ვადის მატარებელი პროდუქტი გახდა მათ შორის გრძნობები და ურთიერთობები. ადამიანთა უმეტესობა ცდილობს სიცოცხლის აზრი იპოვოს და ვერ ხვდება სად ეძებოს. რადგან ჩვენ მომხმარებელთა საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ისეთი დეტალები გვავიწყდება რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და სადაც შეიძლება სიცოცხლის აზრის და ბედნიერების პოვნა. ვთვლი რომ ადამიანიანები პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდნენ და მიისწრაფოდნენ ოცნებისკენ, არ უნდა თრგუნავდნენ სურვილებს იმოსათვის, რომ ჰარმონიაში იცხოვრონ საკუთარ თავთან.
ვფიქრობ რომ ამ სათქმელის გადმოცემა ნებისმიერ ჟანრში და ხერხით შეიძლება, თუმცა ამ ეტაპზე მე ავირჩიე კომედია რადგან ვთვლი რომ ადამიანების უმეტესობას განტვირთვა და სიცილი ჭირდება. სიცილით გადაგორებული გაჭირვება და სევდა ჩვენი ერისთვის ისედაც ნაცნობია და სიუჟეტი კი ბევრ ნაცნობ გრძნობას და ასოციაციას გააცოცხლებს მაყურებელში.
როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი …
სპექტაკლზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ და რთულია წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება თუმცა ძალისხმევას არ ვიშურებთ და ძალიან კარგ მსახიობებთან ერთად ვმუშაობთ. კომედია ძალიან რთული ჟანრია და ძალიან სათუთი. მაყურებელი ძალიან ადვილად ცნობს სიყალბეს და იმ სივრცეში სადაც ისედაც ვიტყუებით, ორმაგ სირთულეს ვეჯახებით ამ ჟანრში ამიტომ კოლოსალური შრომა გვიწევს იმისათვის რომ დავრჩეთ მართლები.
მსახიობები: ნოდარ ძოწენიძე, ნიკა ჩხაიძე, და თაკო ბერიაშვილი, დეკორაციის და კოსტიუმების: ავტორი გიორგი უსტიაშვილია. კომპოზიტორი: ნატო თოთიბაძე
როგორია თქვენი მოლოდინები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი …
ვფიქრობ მაყურებელი ძალიან ისიამოვნებს და თან ბევრი ნაცნობი გრძნობა შეახსენებს თავს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის თეატრს. თბილისის მერიას და კომპანია ანსარს მხარდაჭერისთვის. მსურს რომ ეს ჩაკეტილი წრე გაიხსნას და ძალიან ბევრ ნიჭიერ ხელოვანს მიეცეს საკუთარი თავის და ნიჭის გამოხატვის საშუალება.
შეგახსენებთ, სპექტაკლის პრემიერა ქალაქის თეატრში 17, 18 და 20 აპრილს შედგება და ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია