ქართველ მსახიობს კიდევ უფრო მეტი წარმატება და პოპულარულობა სერიალ “ცვალებადმა ნიშნებმა” მოუტანა. გივიკო ბარათაშვილი 31 წლისაა, 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში, დედა – ხათუნა ბერძენიშვილი ; მამა – არჩილ ბარათაშვილი თეატრის მსახიობები არიან. მიუხედავად თეატრის გარემოცვაში გაზრდისა გივიკოს ოცნება მსახიობობა ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენთან საუბარში გივიკო ამბობს რომ ის სპორტით იყო დაკავებული და მისი სურვილი ფეხბურთელობა იყო. საბოლოოდ მან საკუთარი ცხოვრება თეატრს დაუკავშირა, გააგრძელებს თუ არა ამ პროფესიას ჯერ-ჯერობით არ იცის, “ერთ დღეს შესაძლოა აღარ მომინდეს ამის კეთება, ან მივხვდე რომ აქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და სხვა თავშესაფარი ვიპოვო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ეს დღე არასდროს დადგეს. მოკლედ არ ვიცი ხვალ რა მოხდება.” – ამბობს გივიკო.
ინტერვიუ გივიკო ბარათაშვილთან
როგორც სხვა ინტერვიუებში ამბობთ თქვენი ოცნება მსახიობობა არ ყოფილა, რა პროფესიაში ხედავდით თქვენს თავს?
“კი, მსახიობობა ნამდვილად არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება. ბავშვობიდან სპორტით ვიყავი გატაცებული, განსაკუთრებით ფეხბურთით და შესაბამისად სულ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. გამომდიოდა კიდეც კარგად. მოკლედ რაღაც ასაკამდე ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი მაგრამ ჩემმა თავმა და ჩემში არსებულმა შიშებმა უარი მათქმევინა იმაზე რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. ამის შემდეგ დაიწყო ალბათ ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, ეს იყო ძიების პერიოდი. ბევრი სხვადასხვა რამ ვცადე და ბევრ რამეს მივედმოვედე. ძირითადად მაინც ხელოვნებას ვუტრიალებდი, მაგრამ დიდხანს ვერსად ვჩერდებოდი. საბოლოოდ 22 წლის ასაკში მივადექი იმ პროფესიას რომელშიც დღემდე შემოვრჩი. დღეს ძალიან კომფორტულად ვარ აქ, ძალიან მადლიერი ვარ ამ პროფესიის რო ჩემში არსებული უამრავი განსხვავებული ენერგიისგან დაცლის საშუალებას მაძლევს, მაგრამ არასდროს გამოვრიცხავ იმას რომ ერთ დღეს შესაძლოა აღარ მომინდეს ამის კეთება, ან მივხვდე რომ აქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები და სხვა თავშესაფარი ვიპოვო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ეს დღე არასდროს დადგეს. მოკლედ არ ვიცი ხვალ რა მოხდება.”
გიბიძგათ თუ არა თეატრისკენ მსახიობების გარემოცვაში გაზრდამ?
“ამ გარემოცვამ მხოლოდ და მხოლოდ საპირისპიროსკენ მიბიძგა, ბავშვობიდან ვგრძნობდი გარშემომყოფებისგან რაღაცნაირ მოლოდინს რომ მეც ეს პროფესია უნდა ამერჩია და ეს მოლოდინი ძალიან მაღიზიანებდა. შებოჭილად ვგრძნობდი თავს, თითქოს სხვა გზას არ მიტოვებდნენ და მთელი ბავშვობა დიდი ძალისხმევით ვუპირისპირდებოდი ამ ყველაფერს. ალბათ ამან განაპირობა ის რომ არც კი მიფიქრია ბავშვობაში მსახიობობაზე. თუმცა თავიდანვე რომ ამ პროფესიაზე მეოცნება და 18 წლის ასაკში სამსახიობოზე ჩამებარებინა მგონია რო მალევე შევეშვებოდი ამ საქმეს. ჩემი აზრით ძალიან სწორ დროს აღმოვჩნდი აქ”
არის თუ არა როლი, რომელზეც მუშაობა გაგიჭირდათ, ან ფიქრობდით რომ ამ როლს არ უნდა დათანხმდებოდით?
“აბსოლუტურად ყველა როლი რაც აქამდე მითამაშია წარმოადგენდა თავისებურ სირთულეს. ზუსტად მაგ სირთულეების დაძლევა ან დაძლევის მცდელობა არის საინტერესო ამ პროფესიაში. მაგრამ იყო პერიოდი როცა ამას ვერ ვიაზრებდი და შესაბამისად იყო რაღაც როლები რაზეც მუშაობის პროცესში მიფიქრია რომ არ უნდა დავთანხმებულიყავი იმიტომ რომ არ ვიყავი ამისთვის მზად. მაგალითად ტრეპლევი თოლიაში ან ოსვალდი მოჩვენებებში, იმდენად დიდია თავის მნიშვნელობით ორივე პიესა და იმდენად დიდ სიღრმეს მოითხოვს ორივე როლი რომ სულ ვუსვამდი ჩემ თავს შეკითხვას ვარ თუ არა ამისთვის მზად. საბოლოო ჯამში ძალიან მიხარია, რომ ორივე როლი ბოლომდე მივიყვანე. ეს იმას არ ნიშნავს რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ იმით რაც გამომივიდა, კმაყოფილი ვარ იმ ნებისყოფით რაც გამოვიჩინე და არ დავნებდი მიუხედავად ბევრი სირთულისა. ასევე ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას რომ 500 ადამიანის წინაშე ცოცხლად ვიმღერებდი, მაგრამ ესეც მოხდა (ნუ როგორ ვმღერი ეგ ცალკე საკითხია 😀 ). არცერთი როლით რაც აქამდე მითამაშია არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი და მგონია რომ ყველგან რაღაც დავაკელი ან არ გამომივიდა. მაგრამ რამე თუ ვისწავლე ამ პროფესიაში ვისწავლე მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე რომ რაღაც არ გამომდიოდა და მაინც ვცადე.”
რა როლზე ოცნებობთ? თეატრში/კინოში
“არ მაქვს ესე გამოკვეთილად საოცნებო როლი. მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის რომ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული რამ მინდა ვითამაშო ან ვცადო.”
თქვენი აზრით, ობიექტურია თუ არა დღევანდელი მაყურებელი? მისაღებია თუ არა თქვენთვის კრიტიკა?
“ობიექტურობა განსაკუთრებით ხელოვნებაში ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი ცნებაა. ყველა ადამიანს თავისი შეხედულება და თავის გემოვნება აქვს, ის რაც მომწონს მე არ შეიძლება რომ მოსწონდეს ყველას. ხშირად თანამოაზრეებიც ვერ ვთანხმდებით ხოლმე ამა თუ იმ სპექტაკლზე და გვაქვს განსხვავებული აზრი. ასე რომ ყველა თეატრს და ყველა სპექტაკლს ჰყავს თავისი მაყურებელი რაც კარგია და ასეც უნდა იყოს. რაღაც მხრივ იმ მოსაზრებასაც ვეთანხმები რომ თეატრმა უნდა გაზარდოს მაყურებელი და ეს გაზრდა უნდა მოხდეს ხარისხიანი პროდუქტით. აბსოლუტურად ყველა თეატრმა უნდა იზრუნოს ამაზე მაგრამ ამ მხრივ ყველაზე საპასუხისმგებლო როლი ალბათ მაინც საბავშვო თეატრებს ეკისრებათ, იმიტომ რომ თუ დღეს ბავშვს ვანახებთ უხარისხო სპექტაკლს ეს იმას ნიშნავს რომ სამომავლოდ მაყურებელს ვკარგავთ. კრიტიკას რაც შეეხება, მე ყოველთვის ყველას აზრი მაინტერესებს იქნება ეს ჩემი მეგობარი, ჩვეულებრივი მაყურებელი, კრიტიკოსი თუ კოლეგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველას აზრს ვითვალისწინებ. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ რეჟისორის აზრი არ გამითვალისწინებია, სამაგიეროდ უბრალო მაყურებელს უთქვამს ისეთი რამ რაზეც ძალიან ბევრი მიფიქრია”
რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ თეატრს? და რაში ხედავთ გამოსწორების გზებს?
“ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს ქართულ თეატრს. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სკოლის არარსებობა მგონია. თეატრალური უნივერსიტეტი სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს იმას რომ მსახიობს თუ რეჟისორს მისცეს ის ცოდნა რაც დღეს საჭიროა ამ პროფესიაში
თქვენს რომელიმე როლთან თუ აიგივებთ საკუთარ თავს? ხედავთ რომელიმე როლში გივიკო ბარათაშვილს?
“რა თქმა უნდა ყველა ჩემ ნათამაშებ როლში არსებობს გივიკო. ჩვენი პროფესია რაღაც მხრივ საკუთარ თავში ქექვა და იქ ახალი რაღაცების აღმოჩენაა. ყოფილა შემთხვევა რომ როლზე მუშაობის პროცესში აღმომიჩენია ჩემ თავში ახალი რამ და ეს შემდეგ ცხოვრებაშიც მომყვება და პირიქით ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებას როლისთვის ვიყენებ ხოლმე. სცენიდან თუ ისეთ რამეზე ველაპარაკები მაყურებელს რაც არ განმიცდია და არ ვიცი ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცას ვიტყუები. ვერ ვილაპარაკებ სცენიდან სიყვარულზე თუ ცხოვრებაში არ მყვარებია, ვერ ვიქნები იმ მომენტში სავსე და მართალი, ამას მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს”
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რაზე ოცნებობს დღეს გივიკო ბარათაშვილი
“სამომავლო გეგმა ამ ეტაპზე არ გამაჩნია. ყოველთვის რაღაცას ძალიან დეტალურად ვგეგმავდი ხოლმე და საბოლოო ჯამში არასდროს არაფერი გამომდიოდა. ახლა პირიქით ვარ არც ვგეგმავ და არც ვოცნებობ უბრალოდ დინებას მივყვები და ვაცლი ცხოვრებას თვითონ შემომთავაზოს რაღაცები”
“ჩემდა საბედნიეროდ ბოლო დროს ბევრი ახალი შემოთავაზებაა ორივე მხრიდან. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ ქორეოგრაფიულ სპექტაკლზე რომლის პრემიერაც იქნება მარტის ბოლოს ახალ თეატრში. ფილმებს და სერიალებს რაც შეეხება, ასევე მარტში (სავარაუდოდ) გამოვა ახალი სერიალი „უხილავი თამაში“ რომელშიც ვასრულებ მთავარ როლს.”
რას ეტყოდით ქართველ მაყურებელს?
“ქართველ მაყურებელს პირველ რიგში გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას იმ ინტერესისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის რასაც სულ ვგრძნობ. მათ გარეშე ჩვენი პროფესია ფუნქციას კარგავს. მაყურებელს და მსახიობს შორის არსებულ ენერგიაზე მნიშვნელოვანი არ მგონია რამე იყოს თეატრში. ეს არის ალბათ ის ყველაზე მთავარი რის გამოც გვიყვარს ყველას თეატრი.”
გივიკო ბარათაშვილი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ