![მინდა დიდხანს ვიდგე სცენაზე, იქ მე ბედნიერი და თავისუფალი ვარ – ბუბა გოგორიშვილი 1 ბუბააა](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/ბუბააა-1024x557.jpg)
ბუბა გოგორიშვილი ყველა თაობის საყვარელი მსახიობია, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბუბა ქართული თეატრის ღირსეული წარმომადგენელია. მას თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეუქმნია და კიდევ ბევრს შექმნის ..
რაზე ოცნებობს ბუბა .. რა არის მისი მთავარი მიზანი და სამომავლო გეგმები – ამ ყველაფერს ამ პატარა ინტერვიუში გაიგებთ … უბრალოდ ვერ გავბედე, რომ ამ ინტერვიუსთვის სტატიის ფორმა მიმეცა და თქვენთვის ყველაფერი არ გვეთქვა ..
ინტერვიუ ბუბა გოგორიშვილთან
მსახიობობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო? .. სხვა რამეზე ხომ არ ოცნებობდით ..
ჩემი მშობლები მსახიობები იყვნენ, ამიტომ თეატრში გავიზარდე და ძალიან ბუნებრივად მომინდა მსახიობობა. სხვა რომ თოჯინებით თამაშობდა მე თეატრში რეკვიზიტის ოთახში რეკვიზიტით ვთამაშობდი. ასევე ექვსი წლიდან ჩვენი თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი ამიტომ არ იყო ჩემთვის ოცნება, არც მიუწვდომელი ეს პროფესია. ვიცოდი, რომ მინდოდა სცენაზე დგომა მომწონდა და მაბედნიერებდა. პირველ სპექტაკლს რაც შეეხება, იყო პეპი გრძელი წინდა – პატარა გოგონა რომელიც იწყებდა სპექტაკლს პატარა მონოლოგით ძალიან ვღელავდი, სხვათაშორის ახლაც ისევე ვღელავ პრემიერის წინ, უფრო მეტადაც.
არის თუ არა როლი, რომელზეც მუშაობა გაგიჭირდათ, ან ფიქრობდით რომ ამ როლს არ უნდა დათანხმდებოდით?
არასდროს მინანია იმის თამაში რაზეც დავთანხმებულვარ თუმცა ყოფილა რომ არ დავთანხმებულვარ თუმცა ძალიან ცოტაა ასეთი . ძალიან იღბლიანი გამოვდექი ყოველთვის ისეთ როლებს მთავაზობდნენ რაზეც უარს ვერაფრით ვიტყოდი პირიქით მადლიერი ვარ ღმერთის, და ყველა რეჟისორის რომელმაც მე ამირჩია . ასე გამიჭირდა თქო ვერ ვიტყვი ვერაფერზე არასწორი ფორმულირებაა ადვილი და მარტივი არაფერია არასდროს ყოველთვის უდიდეს შრომას ფიქრს და კვლევას მოითხოვს ნებისმიერი როლი, თუმცა რაც უფრო რთულია მით უფრო საინტერესო. ამიტომ მხოლოდ მაბედნიერებს სხვადასხვა ადამიანის და პერსონაჟის კვლევა და შექმნა.
ბუბას საოცნებო როლი?
ამ დრომდე ყველა საოცნებო როლი ამიხდა თუმცა დამრჩა რამდენიმე რომელიც გულით მინდა ვითამაშო და იმედი მაქვს ასეც იქნება. მე და კოსმოსი ვუგებთ ერთმანეთს. გაშვებული მაქვს მასთან ჩემი ოცნებები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ ასრულდეს?!
არც თუ ისე ხშირად ჩანხართ ეკრანზე, რა არის ამის მიზეზი?
სულ სულ თავიდან ავიჩემე რომ თეატრით შევყვარებოდი მაყურებელს. ჩემი როლებით ვეცნე ქუჩაში და მომფერებოდნენ ეს უფრო რთულ გზად მიმაჩნდა და როცა ეს ხდება, როცა მაჩერებენ და მცნობენ სპექტაკლით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მერე უკვე თითქოს დროც არ მქონდა არც ძალიან საინტერესო რამე შემოუთავაზებიათ, რომ დავთანხმებოდი. მოკლედ მე მზად ვარ თუ რამე საინტერესო შემოთავაზება მექნება სიამოვნებით გამოვჩნდები ეკრანზე
თქვენ შექმენით ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი სატელევიზიო სერიალ ‘ქიმიაში’, გაგიჭირდათ ამ როლზე მუშაობა?
ქიმიას რაც შეეხება თვითონ თემა იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ახლობელი . და სიამოვნებით დავთანხმდი მე ეს მაინტერესებდა და ძალიან მინდოდა გაგვეგრძელებინა მაგრამ მარტო ერთი სეზონი გადავიღეთ. ძალიან კარგი გუნდი მუშაობდა სერიალზე ჩემი კოლეგები რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ როგორც მსახიობებს ისე ადამიანებს და მათთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა ყოველთვის ასევე გადამღები ჯგუფი რომელიც ძალიან პროფესიონალურად ეკიდებოდა თითოეულ ეპიზოდს მადლობა მათ ამისთვის ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ სერიალის გადაღების დროს და ძალიან კარგი გამოცდილება იყო …
თქვენს რომელიმე როლთან თუ აიგივებთ საკუთარ თავს? ხედავთ რომელიმე როლში ბუბა გოგორიშვილს?
ასე კონკრეტულად რომელიმე როლი ბუბაა თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ყველა როლი ჩემი სულის გაშიშვლებას და პოზიციას მოითხოვს ასე რომ ყველა როლში რათქმაუნდა ჩემი დამოკიდებულება, პოზიცია და ტკივილებია ჩადებული.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმა ისაა რომ არ დავგეგმო არაფერი არ მიყვარს არაფრის დაგეგმვა არ გამომდის. ისე მინდა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ვითამაშო კიდევ და ჩავიხედო მათ სულში.
რაზე ოცნებობს დღეს ბუბა?
დიდხანს ვიდგე სცენაზე, იქ მე ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი ვარ
თქვენი აზრით, ობიექტურია თუ არა დღევანდელი მაყურებელი? მისაღებია თუ არა თქვენთვის კრიტიკა?
ჩემი აზრით დღევანდელი მაყურებელი ძალიან გულწრფელია და პირდაპირ იღებს ყველაფერს რაც გულწრფელად გტკივა სცენაზე.თანამონაწილე ხდება მთავარია შეეხო ეს ძალიან რთული ამოცანაა დღეს, ადამიანს შეეხო და განაცდევინო შენი ტკივილები . ზოგჯერ არის რომ მართლა შენთან ერთად სუნთქავს შენს მაჯაზე აქვს ხელი და გრძნობს პულსაციას ასეთ დროს იმხელა ენერგია გეძლევა მთებს გადააგორებ.
მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი მაყურებლის და მგონია რომ ძალიან ობიექტური და გულწრფელია და ვგრძნობ რომ ვუყვარვართ ამიტომ პირობას ვაძლევ რომ ყოველთვის ბოლო ამოსუნთქვამდე დავიხარჯები და ვიხარჯები მათთვის. კრიტიკას რაც შეეხება რათქმაუნდა ვიღებ და აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკა რომელიც გეხმარება რომ რამე უკეთ გააკეთო და წინ წახვიდე
და ბოლოს … რას ეტყოდით მაყურებელს?
მაყურებელს ვეტყვი მადლობას თითოეული ამოსუნთქვისთვის და ჩასუნთქვისთვის მე თქვენ გგრძნობთ, მიყვარხართ და მაძლიერებთ. მადლობა სიყვარულისთვის და ნდობისთვის რომელსაც ვგრძნობ ყოველთვის. მეც მიყვარხართ და პირობას გაძლევთ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები თქვენთვის და ჩემთვის არაფერს დავიტოვებ …
ბუბა გოგორიშვილი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ