![თუ ოდნავ მაინც დაკარგე ცენტრი, ყველაფერს გააფუჭებ და გააყალბებ – ლევან კახელი 1 ლევან კახელი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ლევან-კახელი-1024x557.jpg)
ლევან კახელი ახალი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, მან მაყურებლისთვის არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა.
როგორც ლევანი, ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ოცნება თეატრი და მსახიობობა ნამდვილად არ ყოფილა და შეცდომად თვლის იმას, რომ თავიდანვე თეატრალურში არ ჩააბარა ” პირველი პროფესია სრულიად განსხვავებული მიმართულებით ავირჩიე, თუმცა, მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ 1 წელი ტანჯვაში გავატარე, გადავწყვიტე მეცადა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება” – ამბობს ის.
ინტერვიუ ლევან კახელთან
ვინ არის ლევან კახელი? – “ლევან კახელი არის – რთული კითხვაა, ზოგადად არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, ალბათ, ამ კითხვის მრავალმხრივ ინტერპრეტირება შეიძლება. მაგრამ ახლა ვარ გიჟი მამა”
როგორ დაიწყე სამსახიობო კარიერა? პირველ სპექტაკლზე რომ მოგვიყვე …
“ჩემი პირველი სპექტაკლი იყო, კოტე ფურცელაძის ,,სალომეა’’, რომელიც დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს. სწორედ ამ სპექტაკლით გავხდი, ჯერ კიდევ მაშინ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დიდი ოჯახის წევრი.”
მსახიობობა ბავშვობის ოცნება იყო?
“მსახიობობა არ იყო ბავშვობის ოცნება, მაგრამ მთელი ბავშვობა იყო გამოცდილება თეატრალური სტუდიის, სიმღერის და ცეკვის. მიუხედავად ამისა, პირველი პროფესია სრულიად განსხვავებული მიმართულებით ავირჩიე, თუმცა, მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ 1 წელი ტანჯვაში გავატარე, გადავწყვიტე მეცადა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. ასე მოვხვდი, ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში 2006 წელს. ზოგადად, მადლიერების განცდა ძალიან დიდია ჩემში, ხშირად ვამბობ რომ ბევრ რამეში გამიმართლა, მათ შორის სტუდენტობის პერიოდში, სუპერ ჯგუფი მყავდა და დღემდე ვამაყობ ამით.
ჩემი პროფესიის ცვლილება დედაჩემისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან თავად ძალიან უნდოდა მსახიობობა. დღეს, როცა ჩემს გვერდით აღარ არის, განვიცდი, რომ ვერ მოასწრო ჩემს ვერცერთ სპექტაკლზე დასწრება, თუმცა მის ძალას სცენაზე ყოველი გასვლის წინ ვგრძნობ.”
დოლჩე, მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია – როგორც გავიგე ეს როლი „შემთხვევითი“ იყო, მეტი რომ მოგვიყვე
“დოლჩე ჩემი საყვარელი პერსონაჟიც არის, თავისი სილაღით, იუმორით და გულწრფელობით. სინამდვილეში, როდესაც სპექტაკლი იდგმებოდა, ,,დოლჩიკა” და ,,გაბანჩიკა”, როგორც პერსონაჟები არ არსებობდნენ, მხოლოდ ერთი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო. თუმცა რეპეტიციაზე, მე და გიგი, ორივე დაგვიბარეს. გავიარეთ ტექსტი ცალ-ცალკე, გაჩნდა იდეა, რომ ეს ტექსტი ერთადაც გაგვევლო და მუშაობის პროცესში, იმდენად კარგად შევთამაშდით გადაწყდა, რომ ორივეს უნდა გვეთამაშა. ასე გამოიძერწნენ იმერელი ,,დოლჩიკა” და ,,გაბანჩიკა”
საოცნებო როლი? ფილმში/თეატრში
“საოცნებო როლი, როგორც ასეთი, ნაკლებად წარმომიდგენია. ზოგადად სიახლეები მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, რაც თავის მხრივ განსხვავებულ შესაძლებლობებს გთავაზობს. აღმოაჩინო თვიდან საკუთარი თავი. ჟანრობრივ მრავალფეროვნებას უფრო ვისურვებდი, ვიდრე კონკრეტულ ხასიათში მუშაობას.”
არის როლი რომელზეც მუშაობა გაგიჭირდა? თუ კი მაშინ რატომ
დიახ, ,,დაკარგულის ძიებაში’’. როდესაც განასახიერებ პერსონაჟს, რომელიც ომმა დაანგრია ფსიქიკურად, მორალურად, ფიზიკურად და წარმოიდგენ, რომ ვეღარასდროს იქნება ჩვეულებრივი პირველად შემეშინდა პერსონაჟის, რომლის სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, თუ ოდნავ მაინც დაკარგე ცენტრი, ყველაფერს გააფუჭებ და გააყალბებ. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერსონაჟია რაც აქამდე მითამაშია. “
სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბრო, არის რაიმე სიახლეები რაც უნდა ვიცოდეთ?
“სამომავლო გეგმები ცხადია არის. ამჟამად ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე, ქორეო დრამაზე, რომელიც თავის მხრივ ძალიან სპეციფიკური ჟანრია, რადგან არ გაქვს მაყურებელთან ვერბალური კომუნიკაცია და სხეულის ენით გადმოსცემ სათქმელს.”
როგორ ფიქრობ, დღევანდელი მაყურებელი ობიექტურია?
ჩემი აზრით, აუდიტორიას აქვს უნარი კარგად გაარჩიოს სიყალბე და სიმართლე ერთმანეთისგან. შესაბამისად, ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში მათი ემოციები სავსებით ლეგიტიმურია. გარდა ამისა, ყველას თავისი გემოვნება აქვს და ვფიქრობ, ამის გამო ვინმეს გაკრიტიკება არასწორია.
და ბოლოს … რას ეტყოდი ქართველ მაყურებელს?
“მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ მაყურებლის გარეშე ჩვენი პროფესია არ არსებობს. მათი უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მიხარია, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდა თაობა ხშირად სტუმრობს სპექტაკლებს, ვფიქრობ, ეს დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.
მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს იმ მუხტისთვის, რომლისთვისაც ღირს ყველა სირთულის თუ გამოწვევის გადალახვა.
იარეთ თეატრში <3″
ლევან კახელი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ