ნიკა ჭკადუა – ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობია. ის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, გარდა ამისა მას ვხვდებით სოხუმის თეატრში, ვასო აბაშიძის ახალ თეატრსა და თეატრი ბელიაშვილზე.
მისი პირველი როლი, სოხუმის თეატრში 17 წლის ნიკოლა იყო – როგორც ნიკამ გვითხრა ეს როლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საოცნებო როლი არ აქვს და მისთვის ყველა როლი საოცნებო და მნიშვნელოვანია.
რა ინტერესები, მიზნები და სამომავლო გეგმები აქვს ნიკა ჭკადუას – ამას რა თქმა უნდა ჩვენს ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ ნიკა ჭკადუასთან
როდის დაინტერესტდი თეატრით და რატომ აირჩიე ეს პროფესია?
თეატრის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ეს განაპირობა ჩემმა ოჯახმა. ბიძაჩემი მსახიობი და რეჟისორია, როცა ვაკვირდებოდი მას როგორი ცხოვრების წესი ქონდა ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. როცა უკვე მოვიდა იმის დრო, რომ თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ პირველ წელს არ მიმიღეს. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია. ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, დაახლოებით 8 თვე ვფიქრობდი, რა უნდა ვქნა, რომ ისევ არ გამომივიდეს და ისევ ასეთი იმედ გაცრუება შემხვდეს, რაღაც მომენტში ისიც კი გავიფიქრე ეს ნამდვილად სწორი პროფესიაა, უნდა ვაკეთო თუ არა ის მთელი ცხოვრება.
ბოლოს მივხვდი, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება იქნებოდა ძალიან უინტერესო, რასაც ვაკეთებ ძალიან მსიამოვნებ. როდესაც თეატრში, რაღაც როლზე გიწევს მუშაობა, მის ტყავში უნდა შეძვრე და ბოლომდე უნდა გაამართლო ის.
პირველი სპექტაკლი რაშიც მონაწილეობა მიიღე? როგორი იყო შენი ემოციები..
პირველი სპექტაკლი რაშიც მონაწილეობა მივიღე არის, სოხუმის თეატრში ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილი“. რთული იყო, ისევ ის კითხვა მიტრიალებდა თავში, არის ეს ის ადგილი სადაც უნდა ვიყო?! არ მინდოდა იმედები გამეცრუებინა მათთვის, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ მე იქ უნდა ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი ხდებოდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ჩემთვის სწავლის პროცესი იყო, იქ ვსწავლობდი როლის აწყობას, თუ საერთოდ რა იყო როლი.
პრემიერის დღეს, შინაგანად ისეთი შეგრძნება მქონდა – დღემდე ვერ ვხსნი. სანამ მაყურებლის წინაშე გავიდოდი, ჩემში ძალიან დიდი ქაოსი იყო, უამრავი ემოცია მქონდა. მაგრამ, ეს ყველაფერი გაქრა როცა პირველი ნაბიჯი გადავდგი სცენისკენ, მაგ დროს თითქოს ყველაფერი დალაგდა, ის დაბნეულობაც გაქრა, თითქოს რაღაც ლოდი მოგეხსნა.
ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ ის დრო რაც სპექტაკლი მიმდინარეობს – თითქოს ის ადამიანი ვიყავი, ისე დავმეგობრდი ჩემს პერსონაჟთან, ის დრო მეც 17 წლის ნიკოლა გავხდი.
როლი რომელსაც არ დათანხმდები?..
ესეთი როლი ჩემი აზრით არ არსებობს. როდესაც მსახიობი ხარ ყველაფერი უნდა ითამაშო, თუ არა მაინც უნდა სცადო. ჯერ-ჯერობით ეგეთი მომენტი არ მქონია, რომ გამეფიქროს ამ როლს მე არ დავთანხმდები და არ ვითამაშებ. არის მომენტები როცა, ფიზიკურად შეუძლებელია ამ პერსონაჟის თამაში, ასაკის გამო – პირიქით, არის ისეთი როლები, რომლის თამაშიც გინდა მაგრამ, როგორ ვთქვა „ჰაბიტუსის“ და გამოცდილების გამო ვერ ითამაშებ.
ასე, რომ ჯერ-ჯერობით არ არის ასეთი როლები რასაც არ ვითამაშებ და იმედი მაქვს არც იქნება.
საოცნებო როლი?
ცოტა ბანალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ყველა როლი უნდა იყოს შენტვის საოცნებო. მე ყველაზე მეტად რაც მიყვარს ის არის, რომ ამ სპექტაკლებიდან რომელშიც მე ვმონაწილეობ ჩემთვის არის ყველა მთავარი პერსონაჟი. რა თქმა უნდა, პიესაში იყოფიან მთავარ და მეორეხარისხოვან როლებად მაგრამ ჩემთვის ყველა მთავარია.
რა არის შენთვის თეატრი?
ჩემთვის თეატრი არის ცალკე რელიგია, სარწმუნოებაა რომელიც მწამს! და თუ ადამიანს ეს არ სწამს, მაშინ თეატრში არ უნდა იყოს. თეატრი ძალიან მრავალფეროვანია, ცალკე სამყაროა სადაც ცხოვრობ და რაღაც მომენტში არ მიყვარს, რომ ამბობენ თავი შესწირაო თეატრს. თეატრს თავს ვერს შესწირავ, თეატრი არის სიყვარული, თეატრი არის ის ადგილი სადაც მე ვარ თავისუფალი, სადაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და ყველაფერი ვთქვა.
განვმეორდები, თეატრი არის ჩემთვის ცალკე რელიგია, რომლისაც მე მწამს!
ერთ დღეს, რომ თეატრი გაქრეს … როგორი იქნება შენი ცხოვრება..
აუ, ძაან რთული შეკითხვაა – ძალიან მოვიწყენდი და ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს. რაღაცას მაინც ვიზამდი და სადღაც მაინც შევკრებდი ხალხს. მაგრამ, ის განცდა მაინც არ გვექნებოდა რაც თეატრში გვაქვს. რეპეტიციების პროცესში რაც ხდება, ის კამათი მერე ყველას ერთ აზრზე შეჯერება და მუშაობა მთავარი მიზნისთვის – ეს ყველაფერი რომ გაქრეს ძალიან ცუდად ვიქნებოდი და იმედია ეს არასდროს მოხდება
როგორია ნიკა თეატრს გარეთ?
ნიკა თეატრს გარეთ, ალბათ მეგობრული, მხიარული და კომუნიკაბელური. ძალიან მიყვარს ურთიერთობები. თეატრს გარეთაც მიყვარს თავგადასავლების ძიება.
და ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ რომ მითხრა…
პირველი მთავარი ის არის, რომ უნდა დავამთავრო უნივერსიტეტი. სიახლეები ის არის, რომ ახლა ვემზადებით პრემიერისთვის, სოხუმის თეატრში. ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის, რადგან თემა ეხება აფხაზეთს, მე წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ჩემთვის იმ თემების გახსენება ძალიან რთულია. კითხვას რომ არ გავცდეთ, ვემზადებით პრემიერისთვის სოხუმის თეატრში, სხვა დანარჩენი გეგმა ის არის, რომ გავყვე დინებას.