![ჩემთვის თეატრი არის ქრონიკული დაავადება, ეს არის ადგილი სადაც დრო ჩერდება - გიორგი გიგიბერია 1 giorgi gigiberia](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/giorgi-gigiberia-1024x557.jpeg)
გიორგი გიგიბერია ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია, პარალელურად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებსა და პროექტებში.
მისი პოპულალურობა სპექტაკლ „მე გადმოვცურავ ზღვას“-დან დაიწყო, სადაც მან მთავარი როლი „ბუის“ პერსონაჟი განასახიერა, ეს როლი მსახიობისთვისაც გამორჩეული იყო. „ვფიქრობ „ბუი“ – დან დაიწყო საოცნებო როლების ათვლა“ – ამბობს მსახიობი.
როგორია გიორგი თეატრს გარეთ, რა მიზნები და ოცნებები აქვს ახალგაზრდა მსახიობს ამას kulisebi.ge-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ გიორგი გიგიბერიასთან
![ჩემთვის თეატრი არის ქრონიკული დაავადება, ეს არის ადგილი სადაც დრო ჩერდება - გიორგი გიგიბერია 2 გიგიბერია 2](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/გიგიბერია-2-1024x557.jpg)
რატომ და როდის გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი გამხდარიყავით?
სცენას ბავშვობიდან შეჩვეული ვარ. პირველად საბავშვო ბაღში შემამჩნიეს და ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე პირდაპირ ფილარმონიის დიდ სცენაზე ავღმოჩნდი. ექვსი წლის ასაკში უკვე ჯაზბენდის თანხლებით ვმღეროდი. ამბობენ სიმღერა ლაპარაკზე ადრე დავიწყე და ყველას სჯეროდა რომ ამ გზას გავყვებოდი თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვითამაშე სასკოლო სპექტაკლში.
პირველი სპექტაკლი რომელშიც ითამაშეთ, როგორი იყო პირველი ემოციები?
ჩემი პირველი გამოცდილება უკავშირდება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურ ფესტივალს, სადაც საუკეთესო მსახიობი ბიჭის ნომინაციაში გავიმარჯვე. რთულია ვერბალურად გადმოსცე ის შეგრძნებები და ემოციები რაც პირველ გამოცდილებას უკავშირდება.
თეატრს გარეთ, როგორია გიორგი? თქვენი ჰობი/ინტერესები?
ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ თავისუფალ დროს. მიყვარს ფეხბურთი, ცურვა და ავტოსპორტი.
საოცნებო როლი?
ვფიქრობ „ბუი“ – დან დაიწყო საოცნებო როლების ათვლა. მეტნაკლებად ყველა ჟანრში მაქვს გამოცდილება. განსაკუთრებით მისტიკური პერსონაჟები მიზიდავდნენ. სიამოვნებით ვითამაშებდი დორიან გრეის.
![ჩემთვის თეატრი არის ქრონიკული დაავადება, ეს არის ადგილი სადაც დრო ჩერდება - გიორგი გიგიბერია 3 გიგიბერია 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/03/გიგიბერია-1-1024x557.jpg)
რა არის თეატრი თქვენთვის? თქვენთვის სცენაზე დგომა?
ჩემთვის თეატრი არის ქრონიკული დაავადება, ეს არის ადგილი სადაც დრო ჩერდება. რამდენჯერაც არ უნდა ითამაშო ერთიდაიგივე სპექტაკლი, ერთმანეთთან იდენტური ვერ იქნება. ყოველ ჯერზე, იქ სცენაზე იბადება შენი გმირი, იქვე იზრდება და ჩემი აზრით ეს ცოცხალი პროცესი იწვევს მაყურებელში ნამდვილ ქიმიას.
ერთ დღეს, რომ თეატრი გაქრეს როგორი იქნება თქვენი ცხოვრება?
თეატრის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებოდი შემოქმედებითი დანაკლისი კინოინდუსტრიით შემევსო.
თუ გაქვთ შემოთავაზებები სერიალებიდან ან ფილმებიდან? არის თუ არა სიახლეები ამ მხრივ?
ახლახანს დავასრულე სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობა, ეტაპობრივად ვთამაშობ სერიალებშიც.
როგორ შეაფასებდით მაყურებელს? და რა რჩევას მისცემდით მათ?
მაყურებლის ფუნქცია არანაკლებ მნიშვნელოვანია თეატრში. ეს ერთი განუყოფელი ცოცხალი პროცესია და ვფიქრობ ასეთი სინთეზი აუცილებელია რომ სპექტაკლი სრულყოფილად შედგეს. ვფიქრობ ქართულ თეატრს ჰყავს კარგი შემფასებელი.
ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სიახლეები – გნახავთ თუ არა უახლოეს მომავალში სხვა სპექტაკლებში?
ამჟამად ვმუშაობ დავით დოიაშვილთან და ზაალ ჩიქობავასთან. უახლოეს მომავალში არ გამოვრიცხავ სხვა რეჟისორებთან თანამშრომლობასაც.