ნიკუშა ხრიკული, ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობია. ის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, გარდა ამისა მას ვხვდებით წისქვილის თეატრსა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში.
მისი თქმით, საოცნებო როლი არ აქვს – მისი მთავარი მიზანი კი, ბევრი დასამახსოვრებელი როლის შექმნაა. თეატრის სიყვარული ადრეული ასაკიდან დაიწყო და როგორც ის ჩვენთან ინტერვიუში ამბობს მისთვის სხვა ინტერესი არ არსებობდა და იცოდა, რომ მისი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ თეატრს უკავშირდებოდა.
რა ინტერესები, მიზნები და სამომავლო გეგმები აქვს ნიკუშა ხრიკულს – ამას რა თქმა უნდა ჩვენს ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ ნიკუშა ხრიკულთან
რატომ დაინტერესტდით თეატრით, რატომ მსახიობობა და არა რაიმე სხვა?
პირველ რიგში მადლობა თქვენ! ჩემი თეატრისადმი სიყვარული უკავშირდება გოგა პიპინაშვილის სტუდია ართ ჰოლს. ბატონი გოგას წყალობით გავიგე, თუ რამდენი შრომა და რამხელა სიყვარულია საჭირო იმისათვის, რომ შედგე ნამდვილ არტისტად.
პირველი სპექტაკლი რომელშიც ითამაშეთ, როგორი იყო პირველი ემოციები?
პირველ სპექტაკლზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა 6 თვის მანძილზე, სადაც მთელი ჯგუფი დღე და ღამე თავდაუზოგავად ვშრომობდით და ეს პროცესი მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. ეს სპექტაკლი იყო შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი,”რომელიც დაიდგა თუმანიშვილის თეატრში. დღემდე ჩემი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო პრემიერის შემდგომი ემოციები -კულისებში მთელი ჯგუფი ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით ვეხვეოდით. ამის შემდეგ ჩემთვის არ არსებობდა სხვა ინტერესი და ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი დაუკავშირდებოდა მხოლოდ ამ პროფესიას.
საოცნებო როლი?
საოცნებო როლი არ მაქვს. ამ ეტაპზე ვფიქრობ მხოლოდ იმაზე რომ ბევრი საინტერესო პერსონაჟი შევქმნა.
რა როლს არ დათანხმდებოდით არასდროს, და რატომ?
ჩემი აზრით არ არსებობს როლი, რომელსაც ვერ ვითამაშებდი. გააჩნია რეჟისორს და პირობებს. ყველა როლი არის თავისებურად საინტერესო და ახალი გამოცდილების შესაძლებლობა.
თეატრს გარეთ, როგორია ნიკუშა? თქვენი ჰობი/ინტერესები?
თეატრს გარეთ ნიკუშა არის სწავლის პროცესში, არის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც უყვარს მეგობრებთან და დედასთან ერთად დროის გატარება, ლაშქრობებში სიარული და ა.შ ამასთან ერთად ბავშვობიდან მივყვები სპორტულ ცხოვრებას, რაც ჩემი ძმის დამსახურებაა და დღემდე ვცდილობ, როცა დრო მაქვს ვივარჯიშო და ვიყო ფორმაში.
რა არის თეატრი შენთვის?
თეატრი არის ჩემი სამყარო. მე თეატრით ვცხოვრობ. ის ყოველდღიურად მზრდის, როგორც მსახიობს, როგორც პიროვნებას.
ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები, სიახლეები – გნახავთ თუ არა უახლოეს მომავალში სხვა სპექტაკლებში.
ამ ეტაპზე პრიორიტეტი არის სწავლის დასრულება და მეტი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღება. ამჟამად ვემზადებით პრემიერისთვის. მარტის ბოლოს ვასო აბაშიძის ახალ თეატრში მაყურებელი იხილავს კოტე ფურცელაძის მიერ დადგმულ ქორეოდრამა “მედეას”.