![„არტ-დრონი" გასტროლისთვის ემზადება - ინტერვიუ ლუკა მონავარდისაშვილთან 1 web copy](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/web-copy-1024x576.jpg)
ახალგაზრდული თეატრი „არტ-დრონი“ ქართველი ემიგრანტებისთვის, საბერძნეთში გასტროლს გამართავს. დასი მაყურებლისთვის სპექტაკლ „გაფრენას“ წარადგენს, გასტროლები 24-25 თებერვალს გაიმართება.
რეჟისორის და თეატრის დამფუძნებლის ლუკა მონავარდისაშვილის თქმით, ეს ბოლო გასტროლი არ იქნება. როგორია გასტროლისწინა მოლოდინები, მეტი დეტალი სპექტაკლის შესახებ, ახალგაზრდული თეატრის სამომავლო გეგმები – ამ ყველაფერს kulisebi.ge-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუში გაიგებთ.
ინტერვიუ ლუკა მონავარდისაშვილთან
![„არტ-დრონი" გასტროლისთვის ემზადება - ინტერვიუ ლუკა მონავარდისაშვილთან 2 254159034 1905374889631288 6823819708054481089 n](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/254159034_1905374889631288_6823819708054481089_n-683x1024.jpg)
სპექტაკლი “გაფრენა” -ს შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას ეხება სპექტაკლი…
“ვისთვის ბედნიერი, უცნაური სიზმარი და ვისთვის მტკივნეული, რეალური ცხოვრების პროცესი, როდესაც გიწევს შენს ოცნებებზე უარი თქვა და იცხოვრო „სიზმარში“. სპექტაკლი გვიჩვენებს ბავშვების, დების ცხოვრებას, რომლებსაც მშობლები დიდი ხანია არ ჰყავთ და თავს ერთმანეთის სიყვარულით ირჩენენ. უმცროსი და, რომელიც შშმ პირია და თითქოს ცხოვრობს
ზღაპარში, სადაც ყველაფერი ან ძალიან კარგად არის, ან ძალიან ცუდად. ხოლო მეორეს მხრივ, უფროსი და, რომელიც ყველაფერს აკეთებს რთული პირობების მიუხედავად, იმისათვის, რომ ეს ზღაპარი იყოს „ლამაზი“…”
არტ-დრონი ათენში გასტროლზე მიემგზავრება – როგორია თქვენი მოლოდინები…
“იქედან გამომდინარე, რომ ამჯერად ემიგრანტები იქნებიან ჩვენი მაყურებლები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ თეატრს აქვს მისია, ასახოს რეალობა ავთენტური ფორმით, ისეთად, როგორიც არის აქ და ახლა. მაშინ, როდესაც სპექტაკლი ასეთ მგრძნობიარე თემას ეხება ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ჩვენი სათქმელი
სცენიდან ვთქვათ, მაგრამ ამასთანავე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ადამიანებს ჩვენი თანადგომა ვაგრძნობინოთ სცენის მიღმაც. დარწმუნებულები ვართ ამ შეხვედრით ჩვენც და ჩვენი მაყურებლებიც ემოციებით სავსე დავრჩებით.”
თუ გეგმავთ სხვა ქვეყანაში გასტროლს…
“დიახ, ვგეგმავთ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მიღებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს მცდელობა წარმატებული იქნება.”
ბოლოს რომ გვითხრათ, როგორია თეატრის სამომავლო გეგმები…
“ახლა ჩვენს თეატრში საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი სამუშაო პროცესია. არტ-დრონის ახალგაზრდა რეჟისორები ორ ახალ სპექტაკლზე მუშაობენ, რომლებსაც ახლო მომავალში წარმოგიდგენთ. ათენიდან დაბრუნების შემდეგ კი კიდევ ერთ ახალ სპექტაკლზე დავიწყებთ მუშაობას. ეს თეატრალური დადგმები სრულიად განსხვავებულ ხაზს შექმნის არტ-დრონის რეპერტუარში. მიხარია, რომ ვახერხებთ საინტერესო გარემო შევქმნათ ახალგაზრდა რეჟისორებისა და დრამატურგებისთვის თავიანთი იდეების განსახორციელებლად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ქართული დრამატურგიის განვითარებას და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ არტ-დრონში დადგმული სპექტაკლების უმრავლესობაზე რეჟისურასთან ერთად სცენარზე ჩვენი სხვა გუნდის წევრებიც მუშაობენ. სეზონის ბოლომდე, სწორედ ორ ასეთ ახალ სპექტაკლს იხილავთ.
ჩვენს თეატრს აქვს ასევე სასწავლო სტუდია და ჰყავს ჯგუფები, რომლებიც ამავე თეატრალურ სეზონზე ითამაშებენ თავიანთ პირველ სპექტაკლებში…”
შეგახსენებთ ახალგაზრდული თეატრი არტ-დრონი, საბერძნეთში გასტროლს გამართავს.