![„ლინეინის სილამაზის დედოფალი" - ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან 1 დავით თარბა 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/დავით-თარბა-1-1024x557.jpg)
„ლინეინის სილამაზის დედოფალი“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელსაც რეჟისორი დავით თარბა 24 და 25 თებერვალს ქალაქის თეატრში წარმოგიდგენთ. სპექტაკლი ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს შეეხება.
სპექტაკლში, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მსახიობები თამაშობენ. შემოქმედებითი ჯგუფი შეკრულია, როგორც დამსახურებული არტისტებისგან, ასევე დამწყები მსახიობებისგან.
მონაწილეობენ: ქეთო ცხაკაია, ანი იმნაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ნიკა ჯაფარიძე
რას ვნახავთ სპექტაქტაკლში, რა გამოწვევებს შეხვდა რეჟისორი მსახიობებთან ერთად და როგორი მოლოდინები აქვს მას
![„ლინეინის სილამაზის დედოფალი" - ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან 2 დავით თარბა სამუშაო პროცესო](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/დავით-თარბა-სამუშაო-პროცესო-1024x683.jpeg)
ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან
მოკლედ მოგვიყევით სპექტაკლის შესახებ, რაზეა ეს სპექტაკლი?
ადამიანი შესაძლოა აბსურდულ ჩაკეტილობაში გრძნობდეს თავს, ერთგვარ დაუსრულებელ ჯაჭვში და აქედან გათავისუფლების გზა არამც და არამც არ უნდა იყოს ძალადობრივი, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების მიმართ. ხშირ შემთხვევაში გამოსავალს ძალადობაში ხედავენ, რაც არასწორია.
ზღაპრული არქეტიპები თანამედროვე სამყაროში მარტინ მაკდონას შავ კომედიაში ცოცხლდებიან, რაც თავის მხრივ გულისხმობს კომიკურ ელემენტს, რაც ტრაგიკულ სტრუქტურას აბსოლუტურად სხვა ეფექტს სძენს. ამ პიესაში გაცოცხლებულია გველეშაპი , რაინდი და სხვა მრავალი, ზღაპრული არქეტიპი, რომელიც თანამედროვე სამყაროში სხვაგვარად მუშაობს, რადგან ყველა ზღაპრული პერსონაჟის სრუქტურა ჩამონგრეულია და სწორედ ამაშია კომიკური ელემენტები.
ვფიქრობ ამ პიესაში ყველაზე მიმზიდველი არის ის, რომ ჩვენ გვიწევს სიცილი ძალადობაზე.
ლინეინის სილამაზის დედოფალი, უკვე ორმოც წელს მიტანებული მორინი, დედამისს სახლში ჰყავს გამოკეტილი და ისიც ვალდებულია სიკვდილამდე მოუაროს. როგორია ადამიანების ცხოვრება ეკონომიკური ექსპლუატაციის, ემიგრაციის და სიღარიბის ფონზე, და როგორ კვალს ტოვებს პოსტკოლონიალური გარემო ადამიანების ცხოვრებაზე?
სპექტაკლი ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს შეეხება. რა გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე ჩაკეტილ სივრცეს? როგორ შეიძლება უახლოესმა ადამიანებმა თავისუფლება შეგვიზღუდონ და მათგან გათავისუფლება ოცნებად გვექცეს? რა ბედი ელის ლინეინის სილამაზის დედოფალს? შეძლებს კი თავი დააღწიოს ციხედ გადაქცეულ სახლს? შეძლებს გათავისუფლდეს მტანჯველი ვალდებულებებისგან, დედამისის ეგოისტური დამოკიდებულებებისგან და საკუთარი თავისგან?
![„ლინეინის სილამაზის დედოფალი" - ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან 3 ლინეინის სილამაზის დედოფალი 2](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ლინეინის-სილამაზის-დედოფალი-2-1024x683.jpeg)
გვითხარით მთავარი გამოწვევები და სირთულეებიი რასაც სპექტაკლზე მუშაობის დროს აწყდებით
მაინც ჟანრს შევეხები და მთელი ინტერესი და სირთულე ამ ჟანრის (შავი კომედიის) ნათლად დანახვა და წარმოჩენაა. იდეამ ბევრი იმოგზაურა. თავიდან სახელმწიფო თეატრში ვგეგმავდით ამ პიესის დადგმას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ალტერნატიული სივრცის ძებნა და სწორედ ამ პერიოდში შექმნეს ჩემმა მეგობრებმა სრულიად დამოუკიდებელი სივრცე “ქალაქის თეატრი” . ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება რომ სპექტაკლი ამ სივრცეში განმეხორციელებინა.
შემდეგ სირთულეს წარმოადგენდა ფინანსური ნაწილი. ეს პრობლემა მარტივად მოგვარდა მას შემდეგ რაც სპექტაკლის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო “ქალაქის თეატრს”, თბილისის მერიას , UNDP და ნორვეგიას .
როგორ შეაფასებთ მსახიობებს, რომლებიც ამ სპექტაკლზე მუშაობენ?
სპექტაკლში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მსახიობები თამაშობენ. შემოქმედებითი ჯგუფი შეკრულია, როგორც დამსახურებული არტისტებისგან, ასევე დამწყები მსახიობებისგან. ეს მოცემულობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. მათთან ურთიერთობა შემოქმედებითად მზრდის. რეპეტიციების მსვლელობის დროს რჩევებს ვიღებ პროფესიონალებისგან და ვუზიარებ მათ ჩემს შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. ვისურვებდი რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც შევძლო.
![„ლინეინის სილამაზის დედოფალი" - ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან 4 ლინეინის სილამაზის დედოფალი 3](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ლინეინის-სილამაზის-დედოფალი-3-1024x683.jpeg)
![„ლინეინის სილამაზის დედოფალი" - ინტერვიუ რეჟისორ დავით თარბასთან 5 ლინეინის სილამაზის დედოფალი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ლინეინის-სილამაზის-დედოფალი-1024x683.jpeg)
როდის არის პრემიერა და როგორია თქვენი მოლოდინები?
“პრემიერა 24 და 25 თებერვალს არის დაგეგმილი, 20:00 სთ.-ზე. მოლოდინები მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოა და დიდი იმედი მაქვს მაყურებელიც შეიყვარებს ამ სპექტაკლს.”
სპექტაკლის პრემიერა „ქალაქის თეატრში“ 24 და 25 თებერვალს გაიმართება, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ
ავტორი: გიორგი ჯამბურია