გიგი ადამაშვილი პროფესიით მუსიკოსია, მუსიკით მისი დაინტერესება 11 წლის ასაკში დაიწყო როდესაც დედამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა. მალევე გიგიმ მონაწილეობა უკრაინულ “X ფაქტორში” მიიღო. მონაწილეობდა ქართულ “X ფაქტორში” სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა.
2016 წლის ოქტომბერიდან 2017 წლის ივნისამდე ჩაატარა ტურნე საქართველოს მასშტაბით და 20 ზე მეტ ქალაქში გამართა სოლო კონცერტები. 2018 წელს წარდგენილი იყო, მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა 2018“, სადაც მან გამოკითხვაში 103, 078 ხმით, ნომინაციაში „ინტერნეტ რჩეული“ გაიმარჯვა. 2019 წლის აპრილში გამოუშვა პირველი სინგლი „Yellow Kites“
რამდენიმე თვის წინ გიგი მაყურებლის წინაშე მსახიობის რანგში წარსდგა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სპექტაკლს “მე გადმოვცურავ ზღვა”-ში მთავარი პერსონაჟი “ბუი” განასახიერა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა ეს მისთვის დიდი გამოწვევა იყო და გამოწვევა ისევ გრძელდება.
ვიხილავთ თუ არა მას კიდევ სხვა სპექტაკლებში, როგორია მისი სამომავლო გეგმები თეატრში თუ მუსიკალურ სამყაროში ამას ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ გიგი ადამაშვილთან
გიგი ადამაშვილი ბუის როლში – შენთვის რთული გამოწვევა იყო?
“გიგი ადამაშვილი ბუის როლში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გამოწვევა, რომელიც მიმიღია ცხოვრებაში და თან, ამაზე წარსულ დროში ვერ ვისაუბრებ.
პრემიერა შედგა, მაგრამ გამოწვევა არ დასრულებულა, რადგან ვცდილობ, როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო განვავითარო და ახალი დეტალები აღმოვაჩინო ბუიში. მით უმეტეს, როგორც იცით, კონსერვატორიაში ვსწავლობ და ჩემი ცხოვრება მუსიკას უკავშირდება, აქამდე თეატრში არასდროს მითამაშია, ‘’მე გადმოვცურავ ზღვას’’ პირველი გამოცდილებაა სამსახიობო სფეროში.”
როგორ შეაფასებდი „ბუის“ პერსონაჟს? რა სირთულეები შეგხვდა როლზე მუშაობის დროს?
“რამდენადაც კომპლექსურია ბუის პერსონა, ვფიქრობ, იმდენად ახლოს არის ის თითოეული მაყურებლის გულთან. საზღვრების გარღვევის, მოცემულობებთან დაპირისპირების, თავისუფლების მოპოვების შეუქცევადი სურვილი ძალიან ნაცნობი და სენსიტიურია, ამიტომ გამორიცხულია, ბუი არ შეგიყვარდეს მისი რთული ხასიათის მიუხედავად.
ყველაზე რთული სპეციფიკა მიუზიკლისა გახლავთ ის, რომ შემსრულებელი უნდა იყოს ფაქტობრივად უნივერსალი, მოძრაობები, თამაში, სიმღერა. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვცეკვავდით და ვმღეროდით, რომ სხეული მიჩვეოდა ამგვარ დატვირთვას. განსაკუთრებით “ბუის” შემთხვევაში, პირველი მოქმედება მთლიანად აწყობილია ამ პერსონაჟზე, ყველაზე მეტად მიჭირდა სირბილის, ცეკვის შემდეგ სიმღერა, ამას თან ემატება საშინელი ღელვა, აქამდე ასე არასდროს მინერვიულია.”
შენი აზრით გაართვი თავი ამ გამოწვევას?
“მე ვერ მივცემ თავს უფლებას, უკვე თავად შევაფასო საკუთარი მიღწევები. ვფიქრობ, მსახიობმა მაყურებელთან უნდა გაზარდოს როლი, შესაბამისად წინ დიდი და საინტერესო გზაა.ჩემთვის უმთავრესია, რომ მთელი გულითა და მონდომებით ვაკეთებ ამ საქმეს. მგონი მაყურებელიც გრძნობს დამოკიდებულებას, უდიდეს სითბოს და მოტივაციას ვიღებ მათგან.და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა, რომ არა დათო დოიაშვილის, ანა წერეთელისა და დასის უპირობო მხარდაჭერა, დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის!”
როგორია შენი გეგმები თეატრთან დაკავშირებით? ხომ არ აპირებ პროფესიის შეცვლას?
“როგორც მიხეილ თუმანიშვილმა თქვა, თეატრი სასწაულია, მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს.
ძალიან შემიყვარდა ეს სამყარო და დიდი იმედი მაქვს, გავხდები ღირსი, რომ კიდევ არაერთხელ დავდგე თეატრის სცენაზე.”
ხომ არ გაქვს სიახლეები მუსიკის მხრივ? როგორია შენი სამომავლო გეგმები ამ მხრივ?
“რა თქმა უნდა, მუსიკა ჩემი ძირითადი ინტერესის სფეროა, მინდა გავხდე მუსიკოსი, პროფესიონალი მომღერალი, ეს ცალკე მოითხოვს დიდ გამოცდილებას, სწავლას და შრომას.რამდენიმე სიახლე მაქვს, რომელსაც მალე გავანდობ მსმენელს.
რისი თქმაც ახლა შემიძლია ისაა, რომ ქართული მუსიკა ამოუწურავია, ქართულ ენაზე შესრულება კი – ყველაზე სასიამოვნო და მეც ვაპირებ, ჩემი ხედვები შემოგთავაზოთ.”
გიგი ადამაშვილი | ინტერვიუ მოამზადა გიორგი ჯამბურიამ