![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 1 ნანა ბუთხუზი](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ნანა-ბუთხუზი-1024x557.jpg)
თეატრი თვითონ თუ მიმატოვებს, თორემ მე ვერასდროს მივატოვებ მას, შესაბამისად თავიდან როგორ უნდა ავირჩიო ის, რამაც თავად უკვე ამირჩია! მე ის მყავს და მას მე ვყავარ! ჩვენ ერთმანეთს ვყავართ! – ამბობს ნანა ბუთხუზი კითხვაზე შეუძლია თუ არა მას სხვა პროფესიის არჩევა.
ნანა 2009 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია, მან თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სერიალებშიც:
ექიმი ნინო – “ხელოვნური სუნთქვა” ქართული დრამატული სერიალი. 2016. რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი, მიშა მშვილდაძე.
ქეთო – “ქიმია” (სერიალი) 2020 – რეჟ. ნინო დადვანი.
პერსონა – “პერსონა N2” მხ. ფილმი.საქართველო/გერმანია 2020 – რეჟ. ნინო ბასილია.
კომენდანტი მერი – “ჩემი ცოლის დაქალები” სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი. 2021 – რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, თენგო მეგრელიშვილი, სოსო ბლიაძე.
ლიზა- “ქიმიური ქორწილი” მხ. ფილმი. საქართველო/გერმანია 2022 – რეჟ. ნინო ბასილია
2017 წელს სპექტაკლ “ფსკერზე” შესრულებული როლისთვის ნანამ წლის საუკეთოსო მსახიობის ქალის ჯილდოც მიიღო.
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 2 image 3](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/image-3.png)
ნანა ბუთხუზი და თორნიკე გოგრიჭიანი | სპექტაკლიდან “ფსკერზე”
ინტერვიუ ნანა ბუთხუზთან
ვინ არის ნანა ბუთხუზი ?
მსახიობია! ადამიანია, რომელსაც უყვარს და აინტერესებს ადამიანი, პატივს სცემს და ემსახურება მას, ცდილობს გაუგოს და აღმოაჩინოს მასში ის უნიკალური თვისებები, რომელიც ერთი შეხედვით, ზედაპირზე არ ჩანს და ძალიან ახარებს მისი გაბედნიერება. არ ვიცი რამდენად ახერხებს ამას, მაგრამ ვიცი ის, რომ ცდილობს და ისიც ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი! ყოველი ახალი დღე საკუთარი თავის ახლიდან დანახვაა, გაცნობაა, აღმოჩენაა და ეს ცხოვრების, სიცოცხლის დაუსრულებელი, მუდმივი პროცესია, ბრუნვაა. ვცდილობ შევიცნო საკუთარი თავი, რაც ძალიან აზარტული, ერთდროულად რთული და ამ დროს უცნაურად მარტივი, თითქოს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც არაჩვეულებრივ ხერხებს მოითხოვს. იმდენად გაუგებარი და გასაგებია ხოლმე საკუთარი თავი, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება (აბსურდივითაა) ამიტომ მისი სრული და ამომწურავი შესწავლა შეუძლებელი მგონია ისევე, როგორც სიცოცხლის და ეს ისეთ საინტერესოს ხდის გარშემო ყველაფერს, რომ მარადისობას ემსგავსება, დაუსრულებელს! ვინ ვარ მე? საიდან მოვედი, სად ვარ, რისთვის და სად წავალ? რა საინტერესოა არა? ეს რომ ვიცოდე უინტერესო გახდებოდა ყოფნა თავისი სასიამოვნო და მტკივნეული წამიერი მომენტებით.
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 3 image 5](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/image-5.png)
ნანა ბუთხუზი | სპექტაკლიდან “თოლია”
რატომ თეატრი და არა სხვა? – როგორ მიხვდით რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით?
“თეატრი ერთადერთი ადგილია სადაც შესაძლებელია შენი შეგრძნებების, წარმოსახვების, შინაგანი სამყაროს გაცოცხლება და რეალიზება თან ისე, რომ არაფერი არ მოიტყუო, თქვა და გამოხატო ის, რასაც ფიქრობ და განიცდი და მოიპოვო თავისუფლება. მგონი დღემდე ვერ მივხვდი, რომ მსახიობი გავხდი. ეს არის ჩემი ცხოვრება და ჯერ კიდევ ვიზრდები, ვსწავლობ, ვვითარდები და ვეძებ. თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი. მას არ ირჩევენ, ის თვითონ გირჩევს!”
პროფესიას თავიდან რომ ირჩევდეთ ისევ თეატრს აირჩევდით?
“თეატრი თვითონ თუ მიმატოვებს, თორემ მე ვერასდროს მივატოვებ მას, შესაბამისად თავიდან როგორ უნდა ავირჩიო ის, რამაც თავად უკვე ამირჩია! მე ის მყავს და მას მე ვყავარ! ჩვენ ერთმანეთს ვყავართ!”
სატელევიზიო როლებიდან ერთ-ერთი გამორჩეული როლი გქონდათ ტელესერიალ „ქიმიაშიც“ – გაგიჭირდათ პროექტზე მუშაობა?
“არც ერთ პროექტზე არ გამჭირვებია მუშაობა! ზოგადად სადაც ვხვდები, რომ რაღაც ვერ გამოვა იქ ვერ ვჩერდები. ცუდი პროცესი მტანჯველია. მე თუ დავიტანჯე მაყურებელსაც დავტანჯავ. არ მიყვარს ადამიანების ტანჯვა და საკუთარი თავის მით უმეტეს. მსახიობმა უნდა დაგაფიქროს, აგაღელვოს, სიხარულით და ბედნიერებით აგავსოს, მოგანდომოს და დაგაჯეროს, რომ ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ შესაძლებელია და ეს ყველაფერი მხოლოდ შენ ხელშია. ყველა პროცესის მმართველი მხოლოდ შენ ხარ და არავინ სხვა! მთავარია არ შეგეშინდეს! მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!”
როგორ შეაფასებდით დღევანდელ მაყურებელს?
“ძალიან მიყვარს მაყურებელი! რასაც ვაკეთებთ ყველაფერი მათთვის კეთდება. ჩემი ყველა როლი ეძღვნება მათ, რადგანაც მათთვის შეიქმნა. მაყურებლის პულსაციას საკუთარივით ვგრძნობ და მათთან ყოველი შეხვედრა პირველივითაა, მღელვარეა, გული ხმამაღლა ცემს და მუცელში პეპლები ტრიალებენ, პაემანივითაა, საიდუმლო, იდუმალი პროცესია! ისინი ყველაფერს ხვდებიან, ხედავენ და გრძნობენ, ვერ მოატყუებ! საოცარია, ამდენი ადამიანი მოდის, არ იცნობ და ერთად ყოფნის, იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, ისეთი ახლობელი ხდება, ისეთი ძვირფასი, ისეთი ნამდვილი, ისე უყვარხარ და ისე გიყვარს! ენით აღუწერელი შეგრძნებაა! უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და მოწიწება მინდა გამოვხატო მათდამი! მადლობა თითოეულ მათგანს, ყველა წუთისთვის, რაც ჩვენთვის დაუთმიათ!”
როგორია ნანა თეატრს გარეთ, თუნდაც მეგობრების გარემოცვაში?
“ნანა თეატრს გარეთ როგორია? ჩვეულებრივი. მეგობრების გარემოცვაში როგორი ვარ ალბათ მეგობრებმა უნდა შეაფასონ.”
არის რომელიმე როლი რომელზეც მუშაობა ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?
“როლზე მუშაობა არ გამჭირვებია. შეიძლება ბევრს ვფიქრობ, ვკამათობ, ვჭიდაობ, ვდაობ როლებთან, მაგრამ არ მიჭირს, პორიქით ამ ჭიდილში იბადება გაგება, ერთობა და საბოლოო სახე ახალი ადამიანისა შენში, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. რაც უფრო რთულია პერსონაჟი მით უფრო მარტივია მისი კეთება და პირიქით.”
„პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“ – სპექტაკლია სადაც საერთოდ „ხმას არ იღებთ“ – რთულია?
“უსიტყვო როლი შესასრულებლად არ არის მარტივი, მაგრამ რამდენის თქმის საშუალებას იძლევა და როგორი საინტერესოა შეეჭიდო, გამოსცადო და გამოძერწო! მიყვარს მარლენი პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლებში! დუმილი უდიდესი სიბრძნე და ნამდვილი ხელოვნებაა! მადლობა ყველას ვინც მე მანდო ეს როლი და ამ სპექტაკლის ყველა შემქმნელს, ჩემს უნიჭიერეს კოლეგებს!”
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 4 7B4A5508](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/7B4A5508-1024x682.jpg)
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 5 GIO 1702](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/GIO_1702-1024x684.jpg)
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 6 GUR5635](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/GUR5635-1024x686.jpg)
![თეატრი სიყვარულივითაა ვერ ახსნი, ვერ გამოხატავ, ხან ტკბილია, ხან მწარე როგორც ცხოვრება და აუხსნელი როგორც დაბადება და სიკვდილი - ნანა ბუთხუზი 7 424A2061 scaled 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/424A2061-scaled-1-1024x683.jpg)
რომელ პერსონაჟს ამსგავსებთ თქვენ თავს?
“ჩემ თავს პატარა უფლისწულს ვამსგავსებ, რომელსაც შეუძლია დაინახოს ყუთში დამწყვდეული ბატკანი!”
ბოლოს, რას ეტყოდით მაყურებელს?
“მაყურებელს ვეტყვი: – თუ შეიძლება… დამიხატე ბატკანი!”
ნანა ბუთხუზი | ინტერვიუ მოამზადა გიორგი ჯამბურიამ