!["ბერსერკები II: მზიანი მხარე" - ინტერვიუ გიორგი ჯამბურიასთან 1 გიორგი ჯამბურია](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/გიორგი-ჯამბურია-1024x557.jpg)
“ბერსერკები ||: მზიანი მხარე” – გიორგი ჯამბურიას მიერ დადგმული ბერსერკების მითიური თავგადასავლის გაგრძელებაა, სპექტაკლის პრემიერა 19 დეკემბერს ქალაქის თეატრში გაიმართა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„ბერსერკები II: მზიანი მხარე“ ეფუძნება ქეთი ნიჟარაძის პროზას, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უსამართლოდ მივიწყებულ ხმას. ქეთი ნიჟარაძის მძაფრი და შეურიგებელი ტექსტები ნათლად და უპრეტენზიო სიზუსტით აღწერს ჩვენი რეალობის ფუნდამენტურ კონფლიქტს საზოგადოებასა და მის წინააღმდეგ ამბოხებულ ინდივიდს შორის; მით უფრო, რომ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მოქმედების ძირითადი არეალი პატრიარქალური ტრადიციების ერთგული თბილისი, ხოლო პროტაგონისტთა უმრავლესობა – ქალია.
kulisebi.ge რეჟისორ გიორგი ჯამბურიას ესაუბრა და მისი სამომავლო გეგმები მოისმინა, გაგრძელდება თუ არა ბერსერკების სერია და რას უნდა ველოდოთ რეჟისორისგან და დასისგან. “ბერსერკები ||: მზიანი მხარის” ჩვენება დამატებით 29,30 იანვარს გაიმართება
!["ბერსერკები II: მზიანი მხარე" - ინტერვიუ გიორგი ჯამბურიასთან 2 Screenshot 2024 01 28 at 00.14.18](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/Screenshot-2024-01-28-at-00.14.18-1024x568.png)
ინტერვიუ გიორგი ჯამბურიასთან
ბერსერკების პირველმა ნაწილმა დიდი წარმატება დაიმსახურა და წლის საუკეთესო სპექტაკლის წოდებაც მოიპოვა – რას უკავშირებთ ამას?
„ბერსერკები I: მისია“ მგონია, იმიტომ გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა, რომ მსახიობებმა და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა რაღაც ისეთი რამ ვიპოვეთ ამ პროექტში, რამაც მუშაობისას აბსოლუტური თავდადების შესაძლებლობა მოგვცა. მგონია, რომ ბევრმა ჩვენგანმა მაქსიმალურად მოახერხა საკუთარი კომფორტის ჩარჩოებიდან გამოსვლა, საკუთარ თავში ისეთი საზღვრების აღმოჩენა და შემდეგ გადალახვა, მანამდე რომ თვალს არ ვუსწორებდით. საკმაოდ რთული, რისკებით სავსე თავგადასავალი გამოვიდა, რომლის მთავარი ხიბლიც სწორედ ამ რისკების ძებნა და მათზე სრულიად გაცნობიერებულად წასვლა იყო.
ჰოდა, ეს ყველაფერი ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა „ჰარაკი“, ანუ ის ადგილი, სადაც „ბერსერკები I“ დაიბადა. ეს საქართველოში ჩემი პირველი სპექტაკლი იყო და რომ არა ის შემოქმედებითი და ორგანიზაციული თავისუფლება, რაც „ჰარაკმა“ მოგვცა, ალბათ არც არაფერი გამოვიდოდა. „ჰარაკმა“ როგორც დამოუკიდებელმა თეატრმა, სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებით – მრავალჯერ უფრო თავისუფალმა სივრცემ, შეძლო, რომ საუკეთესოდ ემასპინძლა ამ საკმაოდ არაორდინალური, ანარქისტული პროცესისთვის, თანაც ისე რომ არა თუ შეზღუდა ან დააზიანა, არამედ მნიშვნელოვნად გაამდიდრა კიდეც. და ჰო, რა თქმა უნდა, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვარი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი: ამ ჩემს აღწერილ პროცესს, თავის საქმეში გამორჩეულად მაგარი და ნიჭიერი ხალხი ქმნიდა.
ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირველი ნაწილის ჩვენება აღარ გაიმართება, რატომ?
„ბერსერკები“ ვრცელი თეატრალური პროექტია, ერთგვარი მეთოდური კვლევა, რომელიც თავისი არაორდინალური ხასიათის გამო სახელმწიფო თეატრებში მგონი ვერც ვერასდროს განხორციელდება, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ დამოუკიდებელი თეატრების სცენებზე მოგზაურობს. დამოუკიდებელი თეატრებისთვის ასეთი მოცულობითი პროექტების შენახვა ფინანსურად ძალიან რთულია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მეთოდური კვლევა ვერასდროს იქცევა რეპერტუარულ თეატრად. ასე, რომ ჩვენ „ბერსერკების“ თითოეულ ეპიზოდში რაღაცას ვიკვლევთ, შემდეგ კონკრეტულ ეპიზოდში შესაძლებელი საკვლევი სივრცე იწურება და იწყება ახალი ეპიზოდი. ახალი ეპიზოდი – ახალ საკვლევ სივრცეს გულისხმობს, რაც მეთოდის თვალსაზრისით წინა, უკვე ამოწურულ სივრცეში დაბრუნებას უაზრობად და დროის კარგვად აქცევს. მესმის, რომ არსებობს ხალხი ვისაც ამაზე გული წყდება, ან პირველი ეპიზოდის ნახვა ვერ მოასწრო ან კიდევ უნდოდა ენახა, რათა შემდეგ ეპიზოდთან შეედარებინა და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთია ამ პროექტის შინაგანი აგებულება და ხასიათი და ის ძირითად შემთხვევებში მაყურებლების ინტერესებს ვერ ითვალისწინებს ხოლმე.
რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი მიდგომის უფრო საინტერესო, უფრო იდუმალი მიზეზები, რომლებიც ჩვენი შემოქმედების სიღრმეში იმალება, მაგრამ მათზე საუბარი გრძელი და რთულია და ამ ინტერვიუს ფორმატში ვერანაირად ვერ ჩაეტევა. მოკლედ ასეა „ბერსერკები“ აგებული, რომ თითოეული ეპიზოდი დაახლოებით ერთ თეატრალურ სეზონს გასტანს და ყოველი შემდეგი ეპიზოდის გამოჩენისას წინა უკვალოდ გაქრება.
რა არის „ბერსერკები ორში“ გამორჩეული და თქვენი აზრით რატომ დაიმსახურა ამ სპექტაკლმა ასეთი გამოხმაურება?
კარგი იქნებოდა ამ კითხვას ჩემ მაგივრად რომელიმე მაყურებელი ან კრიტიკოსი პასუხობდეს. საუკეთესო შემთხვევაში ავტორი საკუთარ ნაწარმოებებზე დუმილს უნდა ახერხებდეს. მაგრამ რადგან ეს ჩვენს რეალობაში რთული მისაღწევია, ვეცდები გიპასუხოთ. „ბერსერკები II: მზიან მხარეში“ გაგრძელდა ბერსერკებ I-ში დაწყებული სამსახიობო, სარეჟისორო თუ დრამატურგიული კვლევა, ის კიდევ უფრო გაღრმავდა, გართულდა და ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო საინტერესო აღმოჩენებამდეც მივიდა. გამოვიდა სპექტაკლი, რომლის აბსოლუტურად ყველა ელემენტი ცოცხლად სრულდება. მსახიობების, ასევე ჩემი სუბიექტური აზრით, ძალიან მაგარ თამაშს რომ თავი დავანებოთ, ბერსერკებ II-ში მუსიკაც ცოცხლად სრულდება და განათებაც ცოცხლად იმართება, რაც თვითონ სპექტაკლის სტრუქტურაში ჩაქსოვილ თავისუფალ სივრცეებთან ერთად, მგონია, რომ გამორჩეულად ცოცხალ სანახაობად აქცევს ბერსერკებ II-ს. სწორედ ასეთი მოწყობის გამო გამოდის ყველა კონკრეტული სპექტაკლი სხვებისგან განსხვავებული. აუცილებლად აღსანიშნავია ქეთი ნიჟარაძის პროზაც, რომლის მიხედვითაც აიგო სპექტაკლი. „ბერსერკებ II-ში“ ჟღერდება ბევრისთვის უცნობი ან მივიწყებული ქალი ავტორის ძალიან მძაფრი, ძალიან ძლიერი ხმა, შიგადაშიგ უმაღლეს ლიტერატურასაც რომ აღწევს. თუნდაც ამ ავტორის აღმოსაჩენად ან გასახსენებლად შეიძლება ღირდეს სპექტაკლის ნახვა.
გამოხმაურებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები რას ნიშნავს ქართულ რეალობაში კარგი ან ცუდი გამოხმაურება. „ბერსერკები“ ქართულ თეატრალურ კრიტიკას მაინცდამაინც არ აინტერესებს, ანუ პროფესიული შეფასებები „ბერსერკებ II-ს“ ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია (მაინცდამაინც არც პირველ ნაწილს).
თეატრის რამდენიმე მაყურებელი შეიძლება დადებით შთაბეჭდილებებს ფეისბუქის ჯგუფებში ან საკუთარ გვერდებზე აზიარებდეს, რაც რა თქმა უნდა, მეც და მსახიობებსაც ძალიან გვიხარია, თუმცა ამდენივეა ალბათ ისეთი მაყურებელიც შუა სპექტაკლიდან რომ წავიდა, ანტრაქტის შემდეგ მეორე მოქმედებას აღარ დაელოდა ან ბოლომდე დარჩა, მაგრამ სპექტაკლი გადაჭრით არ მოეწონა. ანუ, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ზოგს მოსწონს და ზოგსაც არ მოსწონს. ჰოდა, მოკლედ რაკი არც პროფესიული გამოხმაურებები არის და არც ბილეთები იყიდება რაღაც ისეთი დინამიკით, რომ თვალში მოსახვედრი იყოს, ვერ ვიტყოდი, რომ „ბერსერკებ II-ს“ რაიმე განსაკუთრებული სახის გამოხმაურება ჰქონდა.
გაგიჭირდათ სპექტაკლზე მუშაობა – რა გამოწვევების წინაშე დადექით?
ადვილი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ამ ქვეყანაში, მგონი, არც ერთი ღირებული საქმე ადვილად არ გამოდის. ერთის მხრივ ჩვენც იმავე პრობლემებს შევხვდით, რასაც ხვდება ყველა, ვინც საქართველოში დამოუკიდებელ თეატრში ან რომელიმე მსგავს თავისუფალ სივრცეში მუშაობს. „ბერსერკები II: მზიანი მხარე“ კიდევ ერთ თბილისურ თავისუფალ თეატრში „ქალაქის თეატრში“ შეიქმნა და ჩვენც უამრავი ორგანიზაციული, ლოჯისტიკური თუ ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა ეს ამბავი ასეთი დამოუკიდებელი სივრცეების ყოველდღიურობაა და „ქალაქის თეატრის“ შესანიშნავ გუნდთან ერთად ასე თუ ისე ყველაფერს გავართვით თავი. მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ ასეთ სივრცეებში დაკავებულ არც ერთ ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ ერთ პროექტზე კონცენტრირდეს, უმრავლესობას რამდენიმე საქმის ერთდროულად შეთავსება უწევს და ამგვარად საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ზღვარზე მუშაობს. ამ მხრივ პროცესი ხშირად შეუძლებლად რთულიც კი იყო, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამოვიდა.
მეორეს მხრივ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქეთი ნიჟარაძის ტექსტებთან მუშაობაც. ამ ავტორის ტრაგიკული ბიოგრაფიის გათვალისწინებით და მისი პროზის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იყო ადვილი, იმ ძალიან მნიშვნელოვანი სიფრთხილის გამოჩენა, რომელიც ასეთი ტექსტების სცენაზე ტრანსფორმაციისას არის საჭირო და ამავე დროს იმ ერთგვარი პანკური თუ ანარქისტული სულისკვეთების შენარჩუნებაც, რომელიც „ბერსერკების“ მსოფლმხედველობით ქვაკუთხედს წარმოადგენს და რომელიც პრინციპში არანაირ სიფრთხილეს და მოწიწებას არ ცნობს. ჩემი სუბიექტური აზრით, მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფი ამ პარადოქსულ გამოწვევასაც საკმაოდ ყოჩაღად გაუმკლავდნენ.
როგორია თქვენი მოლოდინები, არის თუ არა რაიმე სიახლეები რაც უნდა ვიცოდეთ?
როგორც იცით, „ბერსერკები I: მზიანი მხარე“ პრემია თავისუფალის მიერ წლის სპექტაკლად დასახელდა და ჩვენს ჯგუფს ფულადი ჯილდოც ერგო. მოდით, ამ ფორმატსაც გამოვიყენებ და კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას პრემიის სულისჩამდგმელ ჯგუფს და ჟიურის. ასეთი ფულადი დახმარებები დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფებისა და თეატრებისთვის ძალიან დიდი სტიმული და პრაქტიკული ხელშეწყობაა. ეს პრემია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შემდეგი დიდი ბერსერკული რიტუალის დატრიალებამდე, ანუ „ბერსერკებ III-მდეც“ გავაგრძელოთ მეთოდზე მუშაობა და შეიძლება ამ სეზონშივე შევძლოთ კიდევ ერთი შედარებით მცირე მოცულობის სპექტაკლის შექმნა. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით, „ბერსერკებით“ დაინტერესებულ მაყურებლებს შემიძლია მხოლოდ ის ვურჩიო, რომ თვალი ადევნონ „ჰარაკის“, „ქალაქის თეატრის“ და სხვა დამოუკიდებელი სივრცეების განრიგებს, შეიძლება ახლო მომავალში რაიმე „ბერსერკულიც“ მოგხვდეთ თვალში…
როგორც რეჟისორი, როგორ ფიქრობთ რა არის დღეს ქართული თატრის პრობლემა და რაში ხედავთ გამოსავალს (გამოსწორების გზებს)?
როგორც რეჟისორი, ვფიქრობ, რომ „ქართული თეატრი“, როგორც ერთი, ზოგადი, ქართულ ენაზე თუ ქართულ სივრცეში მიმდინარე თეატრალური პრაქტიკების მომცველი ფენომენი საერთოდ არ არსებობს. ჩემი აზრით, აქ სულ ცოტა ორ განსხვავებულ მიმართულებაზე შეიძლება საუბარი. ერთის მხრივ გვაქვს სახელმწიფო თეატრების სისტემა, რომელიც აქვე ვიტყვი, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს, სახელმწიფო თეატრების სისტემის გარეშე თანამედროვე რეალობაში მნიშვნელოვანი თეატრალური სცენის, ტრადიციის და კულტურის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ახლა ეს თეატრები უმეტეს წილად იდეოლოგიზებულად, ანუ ძალიან არასწორად იმართება და ჩემი სუბიექტური აღქმით, სახელმწიფო თეატრებში შექმნილი ნაწარმოებების უმრავლესობა ისეთივე უსახური და ყალბია, როგორც თავად ჩვენი სახელმწიფო. მეორეს მხრივ კი არსებობს დამოუკიდებელი სივრცეები, რაც ჩვენი ეკონომიკური თუ სოციალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, თავისთავად პატარა სასწაულია. ჩემი ინტერესიც უფრო ასეთ სივრცეებს და იქ შექმნილ ხელოვნებას მიემართება. მათი პრობლემებიც უფრო მეტად მხვდება გულზე. ჯერ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში დავბრუნდი და ამიტომ დიდ ვერაფერ ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ასეთ სივრცეებში მომუშავე თეატრალური ჯგუფების მთავარ პრობლემად მაინც ის მესახება, რომ ისინი ხშირად გაუაზრებლად, უპირობოდ იზიარებენ უფრო ტრადიციულ, კონვენციურ თეატრალურ პრაქტიკებს და რომ ხშირად მათი სამუშაო მეთოდები და მიდგომები დიდად არ განსხვავდება სახელმწიფო თეატრების მიდგომებისგან ან იმისგან რასაც ჩვენს თეატრალურ უნივერსიტეტში სამუშაო მეთოდებად ასწავლიან. აქედან გამოსავალი კი მგონია, რომ საკმაოდ მარტივია, რეჟისორები საკუთარ ინტუიციას, შინაგან ძახილს უფრო უნდა ენდონ, ვიდრე დამკვიდრებულ ტრადიციებსა და პრაქტიკებს, მეტად უნდა ენდონ საკუთარ ბრაზს, ნაკლებად ჩახერგონ ის რადიკალური დინებები და მისწრაფებები რაც მათში აუცილებლად არსებობს. და რაც მთავარია, მოიფიქრონ და განახორციელონ ისეთი პრაქტიკები, სადაც მსახიობს როგორც ნამდვილ, დამოუკიდებელ ხელოვანს ისე აღიქვამენ და არა როგორც რეჟისორის თუ ავტორის გენიალური ჩანაფიქრის უზადოდ განმახორციელებელ თუთიყუშს თუ რობოტს. მგონი, ასე თუ ისე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თეატრის სცენა არ არის გართობის, საღამოს სასიამოვნოდ გატარების ადგილი. რა დროს გართობა, პრობლემების დავიწყება თუ კულტურული საღამოს გატარებაა, როდესაც გარეთ ქუჩაში, პრინციპში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, სადაც ერთი მუჭა კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და გაუმაძღარი კაპიტალისტების კასტა საკუთარ თავზე მორგებული დანაშაულებრივი კანონმდებლობით პრაქტიკულად ანადგურებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ ნაწილს, თანაც ეს ყველაფერი ნაცრისფერი უმრავლესობის დაუინტერესებლობის და გულგრილობის ფონზე ხდება. ასეთ რეალობაში, ჩემი აზრით, თეატრს როგორც თავის შექცევის, გართობის ადგილს არანაირი გამართლება არ გააჩნია და ასეთი ტიპის თეატრები ძალიან სამართლიანად სულ ფეხებზე კიდია აქტიურ და მოაზროვნე ახალგაზრდობას. ჩვენს, ხშირად სრულიად ჯოჯოხეთურ რეალობაში, სხვა ტიპის თეატრია საჭირო, მგონია, რომ მთავარი პრობლემა ამის კარგად გააზრება და შემდეგ ამ გააზრებულის მიხედვით მოქმედებაა. მთავარი კითხვა ჩემთვის პირადად მაინც ასეთია, როგორი უნდა იყოს სცენა, რომ მან იმ ჯოჯოხეთურ რეალობას გაუძლოს, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ, ვაღიარებთ ამას თუ არა. და მეტიც: როგორი უნდა იყოს თეატრი, რათა მან ამ რეალობის შეუძლებლად ქცევა მოახერხოს?!
გიორგი ჯამბურია | ინტერვიუ მოამზადა გიორგი ჯამბურიამ