![მაყურებელს ვთხოვ, გათიშონ ტელეფონები და ტრადიციისამებრ, ჩვენ დავიწყებთ სპექტაკლს - ნიკუშა ფაიქრიძე 1 ნიკა ფაიქრიძე](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ნიკა-ფაიქრიძე-1024x557.jpg)
ნიკუშა ფაიქრიძე ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობია, თეატრალური უნივერსიტეტი 2012 წელს დაამთავრა და მალევე მუშაობა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო. პირველი როლიც იქ შექმნა, რომეო “რომეო და ჯულიეტაში”
2017 წელს ნიკუშა ეპშტეინის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში “ბილოქსი ბლუზი” წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დასახელდა, 2018 წელს, სპექტაკლებისთვის “აურზაური არაფრის გამო”, “ჯუჯა ცხვირი” და “ღამე და თუთიყუში” მან მიიღო რეზო თავართქილაძის სახელობის ჯილდო, ხოლო 2019 წელს, შალვა დადიანის პრემიის ლაურეატი გახდა სპექტაკლით “რწყილი და ჭიანჭველა”.
ნიკუშას თქმით, მისი ოცნება თეატრალური სამყარო და მსახიობობა არ ყოფილა და თვლის რომ ის ცხოვრებამ მიიყვანა ამ გზაზე. როგორ აღმოჩნდა ნიკუშა თეატრში … მისი აზრით რა პრობლემაა დღეს ქართულ თეატრში ამ ყველაფერს ინტერვიუში გაიგებთ
ინტერვიუ ნიკუშა ფაიქრიძესთან
ვინ არის ნიკუშა ფაიქრიძე?
მოარტისტო , მოპოეტო ელემენტი , ათასი ფერით და წახნაგით …. არცთუ ისე დავარცხნილ – დაწყობილი ხასიათებითა და შეგრძნებებით …
როგორ აღმოჩნდი თეატრში და პირველ შესრულებულ როლზე რომ მოგვიყვეთ?
თეატრში მოვხვდი კასტინგით , ბატონმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გამოაცხადა იმ წელს კასტინგი და მეც გავედი ბრძოლის ველზე …. პირველი როლი , ასე რომ ვთქვათ სასტარტო ახალ გარემოში და უკვე თეატრის დიდ სცენაზე იყო , რომეო – “ რომეო და ჯულიეტაში “ …
რატომ თეატრი და არა რაიმე სხვა? პროფესიას თავიდან რომ ირჩევდეთ ისევ თეატრს აირჩევდი?
არ ვიცი , ეს ჩემდა უნებურად მოხდა , არასდროს მიოცნებია მსახიობობაზე , უბრალოდ გარემომ , წრემ , ცხოვრებამ მომიყვანა აქამდე – სადაც ახლა ვარ … ხოლო , თუ რა გზას ავირჩევდი , ყველაფერს თავიდან რომ ვიწყებდე – ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ , ნამდვილად არ ვიცი ! არის რაღაც პროფესიები სადაც ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია , მაგალითად ყელზე ჰალსტუხით, მოტკეცილი შარვალ-კოსტუმით და დებილი ღიმილით ვერცერთ გარემოში ვერ გავძლებდი … სულ რომ ათასები მოეცათ …. დღემდე ბოლომდე ვერ ამომიხსნია , ვინ ვარ , როგორი ვარ , რა შემიძლია , ალბათ ისევ სცენაზე დავდგებოდი და საკუთარი თავის ძებნით დავკავდებოდი ….ვიფრენდი ასე როლიდან-როლში და მექნებოდა ზღვა შეკითხვები ….
თეატრს გარეთ, როგორია ნიკუშა? თქვენი ჰობი/ინტერესები?
თეატრს გარეთაც ერთი დიდი თეატრია ჩვენი ცხოვრება … და მეც ყოველდღიური ვალდებულებებით ვიტვირთები , ვხდები ჩვეულებრივი , უბრალო , ამ ქვეყნის მოქალაქე და ვცდილობ , საკუთარ თავზე აღებული ფუნქციები პირნათლად შევასრულო , ღირსეული მეუღლე ვიყო , გადასარევი მამა, ნაღდი ძმაკაცი , ყურადღებიანი შვილი და ასე შემდეგ …. რაც მთავარია – შუალედებში ლექსებს ვწერ და ამ ორომტრიალში ერთი დღეც მიილევა ხოლმე და მიიძინებს …
საოცნებო როლი?
როლებზე ოცნებებს სიგიჟემდე მივყავართ , მე ასე მგონია …. იოცნებებ და ან მოვა ან არ მოვა , თუ მოვა , წადილი და სურვილი მაინც დაგაბრმავებს და გაგაფუჭებს , ზედმეტებში გადაგიყვანს , შლეგიანივით დაიწყებ არტისტობას და შედეგით ვერავის გაკვირვებ …. თუ არ მოვა და სხვასთან მივა – გაბოროტდები , ბოღმა მოგიკაკუნებს და ესეც დამღუპველია …. როლი ხომ ქალივით არის , რაც უფრო მომხიბვლელია და მიუწვდომელი გაგიჟებს …. ამიტომ მე მირჩევნია უარი ვთქვა ჩემში კონკრეტულ როლზე ან როლებზე …. და უბრალოდ , რასაც ხვედრი და ბედი გაიმეტებს ჩემთვის , იმას დავჯერდე , ის ამოვხსნა და იქ ვაფათურო ჩემი ცოდვიანი ხელები ….
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხართ, რატომ უნდა იაროს ბავშვებმა თეატრში?
რადგან უკეთესი ადგილი , სადაც ბავშვს შეიძლება ავუხსნათ რა არის სიკეთე , ბოროტება , ზოგადად ცხოვრება – სხვა არ არსებობს … თამაშ-თამაშით , ზღაპრებში ჩაღვრილი სიბრძნით , ნაბიჯ-ნაბიჯ ბავშვს შევასწავლით და მოვამზადებთ ცხოვრებისთვის , გამოწვევებისთვის , ყველაფრისთვის რასაც მერე და მერე წლები მოიტანს , გარემო შეჰქმნის ან ბედისწერა გადაწყვეტს ….ერთგვარი კათარზისის ადგილია თეატრი , სულ რაღაც ახალი უნდა მოგცეს , შეგმატოს , გასწავლოს , აგიხსნას , დაგანახოს , მიგახვედროს …
როგორი მაყურებლები არიან ბავშვები, საპასუხისმგებლოა მათთვის თამაში?
ბავშვი ძალიან სპეციფიური მაყურებელია , არ დაგინდობს , ვერაფრით ვერ დაიმორჩილებ თუ შეგატყო ან თამაში გეზარება , ან არ გამოგდის , ან რაღაც ისეთი სჭირს სპექტაკლს და მსახიობს …. იმ წამსვე იღლება , იწყებს წრიალს და განიშნებს , შენც და რეჟისორსაც აი აქ რაღაც ისე ვერაა და რა ხდებაო …. ამას მთელი ტანით გამოხატავს …. იწყებს სკამზე წრიალს …. ხვნეშას ….ლაპარაკს გვერდით მჯდომთან … და კიდევ ვინ იცის , რას აღარ …. უმაგრესი თვისება რაც პატარებს აქვთ არის ის რომ მიკერძოებულნი არ არიან , მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისი წრიდანაა , ვინ ვისი მოწაფეა , ვინ რომელ სერიალში თამაშობს , ვინაა მოდაში , ვინ აღიარა საზოგადოებამ დიდ არტისტად …. ის უყურებს მხოლოდ შედეგს , იმ წამს რაც მის თვალწინაა , და იმ წამს ან იღებს ან არა …. იმიტომ რომ არიან მართლები , ალალები , თავისუფლები, მიუკერძოებლები , სუფთები, დაცლილნი არიან ბევრი რამისგან … გამოცდაა – ყოველი მათთან შეხვედრა !!!ხოლო მათ წინ – სცენაზე დგომა , ძალიან დიდი ვაჟკაცობააა !!!
როგორ ფიქრობ, რა არის დღეს ქართული თეატრის პრობლემა და რაში ხედავთ გამოსავალს?
მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი კვლევები დაიდო , მაღალი სტატისტიკებით და ციფრებით , მე მაინც მგონია რომ უამრავი პრობლემაა დღეს ქართულ თეატრში , პირველი ანაზღაურებაა , იმისთვის რომ თვიდან თვემდე მსახიობმა თავი გაიტანოს ორ და სამ თეატრში მუშაობს , მე არ ვამბობ გამონაკლისებზე სადაც როლს მიჰყავს მსახიობი ან რეჟისორს , 98 % რაც შეადგენს , ორი კაპიკის შოვნაა და ეს ყველამ იცის ….მე ეს არ მომწონს რადგან ვიცი რა დამღლელია , აქ მორჩი , გამოიცვალე და იქ გაიქეცი , იქედან მერე კიდევ სადღაც და ეს არ სრულდება …. მე მირჩევნია ერთ ადგილას იმდენი მქონდეს მსახიობს შემოსავალი , რომ სხვაგან აღარ გავრბოდე და არ მიწევდეს სულ საათზე ყურება … დროის კონტროლი …. ცხრილის შედგენა …. სამწუხაროდ პრობლემებს რა დალევს , უამრავია რაც თვალსაჩინოა , თვალუჩინარი და ყველა დამეთანხმება, პირველ რიგში სისტემაა შესაცვლელი და საუკუნოდ დასამარხია ფრაზა და მიდგომა – მსახიობს უნდა შიოდეს…. მსახიობს უნდა სწყუროდეს …. ნურას უკაცრავად … ეს დრო და ეს ეპოქა – სადღაც უნდა დასრულდეს ….
რომელ როლზე გაგიჭირდათ მუშაიბა და რატომ? რა წარმოადგენს თქვენთვის სირთულეს?
ეს იყო მონო სპექტაკლზე მუშაობის პერიოდი , ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა მანდო მონო სპექტაკლი – ღამე და თუთიყუშს ვგულისხმობ …. და აი მანდ შევეჯახე პირველ დიდ სირთულეებს , მარტივი მიზეზის გამო , მშველელი , პატრონი და ასე ვთქვათ ბიძგის მომცემი არავინ გყავს , საათი და 15 წუთი მარტომ უნდა გაართვა თავი პიესას , როლს ,ავტორს , ტექსტის დავიწყებიდან დაწყებული მიზანსცენის არევით დასრულებული – ყველაფერზე შენ ხარ პასუხისმგებელი …. შიშვლდები და მაყურებელიც მხოლოდ შენ გიყურებს …. და შენც უნდა ივარგო , სხვა გზა არ გაქვს ….
რა როლს არ დათანხმდებოდით არასდროს, და რატომ?
ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ბევრი გამოწვევისთვის ვარ მზად და უზღვავ ენერგიას ვგრძნობ ჩემში …. წლიდან წლამდე იმდენი რამ ხდება რომ ყველაფერი ჩემს შეგრძებებში ილექება და რჩება , ბევრ ემოციას ვიმახსოვრებ და ვაიძულებ თავს არ დაივიწყოს …. უარს არაფერზე ვიტყოდი – უბრალოდ გაააჩნია რეჟისორს , გააჩნია გასაკეთებელ საქმეს და შემოთავაზებას …. ასე გამიჭირდება ვთქვა აი ამას არ ვითამაშებ , აი ეს არ მინდა …. ყველა პერსონაჟს აქვს თავისი სიმართლე , მოტივი , თუ რას რატომ აკეთებს , რამ აიძულა და ჩვენი საქმეც ესაა, კარგი დეტექტივივით მიყვეთ და ამოხსნთ გმირის ყველა ნაბიჯი …. მოვუძებნოთ სიმართლე ან გამართლება … თუმცა ჩემთვის დიდი და პატარა როლები არ არსებობს …. ამ ეტაპზე ერთი დიდი კი ვარ – ხვალ რა იქნება ვერ გეტყვით …
რას ეტყოდით მაყურებლებს?
მადლობით დავიწყებდი ყველაფერს , მადლობა რომ მოდიან და გვაფასებენ , მადლობა რომ ესმით ჩვენი და გვიგებენ , მადლობა რომ აპლოდისმენტებით გვანებივრებენ და გვაძლევენ მოტივაციას …. მადლობა რომ სიმწრით , შრომით და ჯაფით ნაშოვნ ფულს – ბილეთებში ხარჯავენ და ვგრძნობთ მათ ინტერესს … ეს მადლობები იმ ნაწილს მაყურებლისას ვისაც სწორად აქვს გაააზრებული თუ რა არის თეატრი თავისი არსით, დანიშნულებით , იდეით – რადგან რაღაც კატეგორიას თეატრი ხშირად ფილარმონიაში და საკონცერტო დარბაზებში ეშლებათ …. ვერ იგებენ რაა დასაშვები პარტერში და რა არა …. ვგულისხმობ ჭამას , ტელეფონზე საუბარს , მთქნარებას , სმს ის გზავნას , ფოტოების გადაღებას და მოკლედ ბევრ არასწორ რამეს რაც , სამწუხაროდ ჩვენს თვალწინს ხდება და მკვიდრდება … ხოლო ბოლოს , ტრადიციისამებრ ვთხოვდი გათიშონ ტელეფონები და ჩვენ დავიწყებთ სპექტაკლს !!!!
ნიკუშა ფაიქრიძე | ინტერვიუ მოამზადა გიორგი ჯამბურიამ