ალექსანდრე ბეგალიშვილი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია. ფართო საზოგადოებამ ბეგალა “დუდუს” სახელით, სერიალ ჩემი ცოლის დაქალებიდან გაიცნო, მას შემდეგ მან არაერთი როლი შეასრულა თეატრსა და კინოში თუმცა “დუდუ” ყველაზე ცნობილ პერსონაჟად დარჩა.
როგორც ჩვენთან საუბარში ალეკო ამბობს, მისი ბავშვობის მიზანი და ოცნება მსახიობობა საერთოდ არ იყო და უფრო მუსიკა იტაცებდა, მიუხედავად ამისა საბოლოოდ, მან საკუთარი ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. მისი თქმით, იყო მომენტი როცა მსახიობობაზე და თეატრზე გული აუცრუვდა ” იყო მომენტი როცა მსახიობობაზე გული ამიცრუვდა, თუმცა თეატრში დოის მოსვლის შემდეგ თითქოს თავიდან დავიბადე. ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა და მინდა ვთქვა, რომ გამაცოცხლა თუ სადმე, რამე გამომივიდა ეს მისი (დოის) დამსახურებაა.
ამ ინტერვიუში ვფიქრობ, სულ სხვანაირ ბეგალას დაინახავთ
ინტერვიუ ალექსანდრე ბეგალიშვილთან
როგორც სხვა ინტერვიუებში გაქვთ ნათქვამი, მსახიობობა თქვენი ბავშვობის სურვილი არ ყოფილა – რა პროფესია გსურდათ?
“კი, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი მსახიობი იყო არასოდეს მიფიქრია რომ ამ პროფესიას ავირჩევდი. მუსიკა უფრო მიტაცებდა, უფროსი ძმა მაგარი მელომანი იყო და მისი წყალობით ბევრი ისეთი მუსიკოსი ,,გავიცანი” რომელთა მოსმენაც იმ დროისთვის არ იყო ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი ამბავი. ამან გამოიწვია ჩემი მუსიკალური სუბკულტურისადმი დიდი სიყვარული, ბენდიც გვქონდა მეგობრებს. გიტარა დღემდე ლოგინში მიწევს თავისი ქეისით.”
ბოლოს მაინც თეატრალურში აღმოჩნდით, რამ განაპირობა ეს?
“დიახ, ბოლოს მაინც თეატრალურ ინსტიტუტში ამოვყავი თავი, მაგრამ ესეც მუსიკისადმი სიყვარულმა განაპირობა. მშობლების დიდი ძალისხმევის შემდეგ დავთანხმდი, იმ წელს მუს კომედიის ფაკულტეტზე ახალი ფაკულტეტი გაიხსნა, საესტრადო განხრით. მამამ მირჩია თუ ასე გინდა ეს გიტარა როკი და ბენდი ჩააბარე საესტრადოზე. დიპლომი გექნება და უფრო ადვილად შეძლებ შენი სურვილის ასრულებასო. ამან დამაფიქრა და ასე აღმოვჩნდი ბატონი თეიმურაზ აბაშიძის ჯგუფში. ნუ მერე იქ ისეთ ჯადოსნურ ატმოსფეროში ამოვყავი თავი და ისე შემიტყუა ამ პროფესიამ და ჩემი ,,როკერობა” ისე ჩაანაცვლა მსახიობობამ რომ თვითონაც ვერ მოვედი აზრზე”
პროფესიას თავიდან რომ ირჩევდეთ, ისევ თეატრს აირჩევდით?
“ბოლო დროს ამაზე ხშირად დავფიქრებულვარ და მიუხედავად იმისა რომ მატერიალურად ამ პროფესიით ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ სათანადოდ ვერ გაქაჩავს ადამიანი, მაინც მსახიობობას ავირჩევდი. რაც დრო გადის ვხვდები რომ ისეთ დიდ “კაიფს” მართლა არაფერი მანიჭებს როგორც სცენაზე და კამერის წინ დგომა თან იმასაც მივხვდი რომ მუსიკოსობაზე მეტად ალბათ ეს საქმე უფრო გამომდის.”
„ჩემი ცოლის დაქალები“ დუდუს როლმა დიდი პოპულალურობა მოგიტანათ, ხომ არ არის სიახლეები ამ მხრივ ვიხილავთ ალეკოს კიდევ სატელევიზიო როლში?
“გეთანხმები. “ჩცდ”-მ და ზოგადად “ტვ-ში” გამოჩენამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვისი წყალობითაც “ფორმულა კრეატივში” მოვხვდი. რაც შეეხება სიახლეს, “ჩცდ”-ს შემდეგ ერთ მინი-სერიალში ვითამაშე რომელიც ახლახანს გავიდა მთავარ არხზე. ჯონ პრისტლის ცნობილი პიესის ,,ინსპექტორის ვიზიტის” ქართული ვერსია ,,სტუმარი” რომელიც რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა გადაიღო და შესანიშნავ მსახიობებთან ერთად მომიწია მუშაობა. მადლობა მათ და, მადლობა მალხაზ ქვრივიშვილს ვისი წყალობითაც მოვხვდი ამ პროექტში. “დუდუს” პერსონაჟს რაც შეეხება ჩემი აზრით, მან ამოწურა თავისი თავი მაგრამ თუ ისევ დამიძახეს არც მაგაზე ვიტყვი უარს. “
რას ურჩევდით, იმ სტუდენტებს ვინც ახლა ფიქრობს თეატრალურზე ჩაბარებას
“ზოგადად ძნელია რჩევების მიცემა ახალგაზრდებისათვის, ეს ის წლებია როცა ადამიანი თვითდამკვიდრების პროცესშია და სხვისი რჩევები ცოტა აღიზიანებს და ზოგში აგრესიასაც იწვევს მაგრამ მაინც ვურჩევდი რაც შეიძლება ბევრი იკითხონ. ინტელექტი აუცილებელი რამ არის. რაც არ უნდა კარგი მონაცემების მქონე მსახიობი (და არა მარტო მსახიობი) იყო თუ ამ ყველაფერს ინტელექტი და განათლება არ ახლავს თან, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ და კიდევ რაც შეიძლება მაქსიმალურად მიუძღვნან თავი იმ საქმეს რომელსაც შეეჭიდებიან. “
როგორია ალეკო თეატრს გარეთ? სხვა რა ინტერესები და ჰობი გაქვთ?
“თეატრს გარეთ ერთი ჩვეულებრივი “თბილისელი ტო ვარ რა”. არაფრით გამორჩეული სიგიჟემდე მიყვარს ჩემი მეგობრები, (ამ სიაში შვილებიც შედიან) რომელთანაც სამწუხაროდ დიდ დროს ვეღარ ვატარებ და გული მწყდება, და რაც დრო გადის უფრო და უფრო ვხვდები თუ როგორ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქალაქი, აქედან ნამდვილად ვერსად ვერ წავალ. ოქროს კოშკებიც რომ დამიდგან.
ჰობს რაც შეეხება, ისევ და ისევ მუსიკაა. ბენდი გვყავს “ამნეზია” – ძირითადად ივენთებზე ვუკრავთ ხოლმე ბარში, სამწუხაროდ ამ ბოლო დროს სპექტაკლების გამო ხშირად მაგასაც ვეღარ ვახერხებთ”
რატომ უნდა იაროს ხალხმა თეატრში?
“თეატრი და ზოგადად ხელოვნება და ლიტერატურა ისეთივე აუცილებელი საკვებია ადამიანისათვის როგორიც კარტოფილი, ლობიო და ასე შემდეგ. მხოლოდ სულიერი, მორალური, რაც ხელს უწყობს ადამიანის და კერძოდ ერის ინტელექტუალურ განვითარებას. ასე, რომ მარტო მწვადით, ხინკლით და ჯანმრთელი კვებით წინ ვერ წავალთ”
სპექტაკლის დროს ხშირად მიმართავთ იმპროვიზაციებს, რაიმე უხერხული შემთხვევა ხომ არ გქონიათ
,,კი ძალიან ხშირად, ვფიქრობ რომ ეს ძალიან მაგარი რამეა. რა თქმა უნდა სპექტაკლსაც გააჩნია. უხერხული შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ ისეთი არაფერი”
და ბოლოს, რას ეტყოდით მაყურებლებს?
“მაყურებელს ვეტყოდი რომ მათ გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია. ამიტომ იარეთ თეატრში და ნუ დაგენანებათ ტაშის გულიანად დაკვრა, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
მიყვარხართ!”
ალექსანდრე ბეგალიშვილი | მასალა მოამზადა გიორგი ჯამბურიამ