ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ… მაგრამ აქამდე ვერ ისწავლეს, თუ როგორ იცხოვრონ ერთად” – პეტრა ფონ კანტი
იერარქიული ურთიერთობები, გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება და სიყვარული ის თემებია, რომელსაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე რეჟისორი დავით მღებრიშვილი ექვს მსახიობთან ერთად წარმოგვიდგენს.
“პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” გერმანელი რეჟისორისა და დრამატურგის რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესაა, რომლის მიხედვითაც 1972 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა, თუმცა პიესისთვის წარმატება მხოლოდ ფილმს არ მოუტანია. “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” არაერთხელ დაიდგა გერმანიის, საბერძნეთისა და ამერიკის თეატრების სცენაზე.
პეტრა ფონ კანტი წარმატებული დიზაინერია, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალადობს თავის თანაშემწე მარლენზე. უხეში, ძალაუფლებისმოყვარული პეტრა მუდმივად ამცირებს მარლენს და მისგან მორჩილებასა და ერთგულებას მოითხოვს. “ეს არ მიმატოვებს, ვუყვარვარ!” – ამბობს პეტრა მარლენზე. პეტრა მხოლოდ ერთ რამეშია მართალი, მარლენს ის მართლაც უყვარს მაგრამ სპექტაკლში მაყურებელს უჩნდება მოლოდინი რომ მალე მარლენის ტრანსფორმაციას იხილავს და მისი შინაგანი ხმა საბოლოოდ უარს ათქმევინებს სადისტი ქალბატონის მორჩილებაზე.
მარლენი ( ნანა ბუთხუზი) სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით ბუნებრიობითა და სიმშვიდით გამოირჩევა. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველაფერი იცის. მარლენი რომელიც პეტრას მარიონეტია, მხოლოდ ხელოვნების საშუალებით გამოხატავს საკუთარ თავს. მსახიობი ნანა ბუთხუზი ორი საათის განმავლობაში უსიტყვოდ თამაშობს და არავერბალური ხერხით მაყურებელს პერსონაჟის განცდებს უზიარებს.
მარლენის მსგავსად პეტრა არც შვილისა და დედის მიმართ გამოხატავს სიყვარულს. ეპიზოდში როდესაც გაბი დედას უმხელს რომ ის შეყვარებულია, პეტრა შვილს დასცინის და სწორედ ამ მომენტში კარგად ჩანს პეტრას გულგრილი დამოკიდებულება გაბის მიმართ. გაბრიელასა (მერი შახოვი) და ვალერისთვის (ნინო გომართელი) პეტრა გაუცხოებულია, ოჯახის წევრებთან ემოციური კავშირი წყდება, ეს მათ ურთიერთობაში ბზარს აჩენს.
ზიდონი პეტრას ახლო მეგობარია, რომელიც რეჟისორს სცენაზე უჩვეულო სიხალისით შემოჰყავს. დაუპატიჟებელი სტუმრის სიდონის გამოჩენის შემდეგ პეტრა ოდნავ იცვლება, მისი უხეში ტონი ქრება და ის თავისუფლად იწყებს საუბარს საკუთარი წარუმატებელი ქორწინების შესახებ. ნინო მითაიშვილის გმირი ცდილობს პეტრას ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, სწორედ ამიტომ ზიდონი პეტრას ახალგაზრდა კარინს აცნობს.
კარინი მომხიბლავი, თამამი, მიმზიდველი გოგოა. ის პეტრას მოხიბლვას მარტივად ახერხებს და მასთან ურთიერთობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ნანკა კალატოზიშვილის კარინი თავდაპირველად გამოუცდელი, დაჩაგრული გოგოს როლში გვევლინება, რომელიც მძიმე ტრაგიკული ისტორიით პეტრას გულის მოგებას ცდილობს. საბოოლოდ მაინც იქცევს პეტრას ყურადღებას და თავდავიწყებით აყვარებს თავს.
სამი პერსონაჟი (პეტრა, კარინი და მარლენი) ფსიქოლოგიური ცნობიერების სამ კომპონენტს წარმოადგენს: იდი, ეგო და სუპერეგო. მარლენი – ეგოა, პეტრა – სუპერ-ეგო, ხოლო კარინი – იდი. „ეგო“ ანუ მარლენი შუამავლის როლს ასრულებს, სურვილებსა და რეალობას შორის, „სუპერ-ეგო“ პეტრა, მთლიანად ჩაფლულია „იდში“ (კარინში). ხოლო იდი – კარინი ვნებებისა და გატაცებების ერთობლიობაა, მასში ჩნდება სექსუალური და აგრესიული იმპულსები. რეჟისორი სამ ქალს ერთმანეთთან აკავშირებს, ისინი ერთ სივრცეში მოქმედებენ საკუთარი მიზნებისკენ ისწრაფვიან. პეტრას მიზანი ყველაზე მკაფიოა: მას სურს მარლენისა და კარინის კონტროლი, კარინი – წარმატებული კარიერისა და გართობისკენ მიისწრაფვის, ხოლო მარლენი – ცდილობს პეტრას საკუთარი უანგარო სიყვარული დაანახოს. მათი სურვილების შეჯახებას გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს პეტრასთვის.
მაყურებელი პეტრასა და კარინის სწრაფი დაახლოების მოწმე ხდება. ქალების ფლირტს ყურადღებით აკვირდება მარლენი, რომელიც აჩრდილივით დადის ოთახში და პეტრას ხმამაღალ დაძახებაზე უმალ მიაქვს ორი ჭიქით სასმელი. ქალების დიალოგი სავსეა ცრუ იმედებითა და დაპირებებით, განსაკუთრებით კარინს ეტყობა სიყალბე, მისთვის პეტრა წარმატების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. პეტრა ვერ უძლებს ვნებას და ზღვარგადასული ემოციების ფონზე კარინს სიყვარულში უტყდება. „არ ვიცი რატომ ხარ ჩემთან, იმიტომ რომ ფულს გაძლევ რომ წარმატებას მიაღწიო თუ იმიტომ რომ გიყვარვარ?“ პეტრა ხვდება რომ მისი სიყვარული ცალმხრივია. კარინი მიდის და ისევ ბრუნდება პეტრას ცხოვრებაში, თითქოს ერთობა ამით, არ ანაღვლებს გრძნობები, არც ის რომ პეტრას შინაგანად ანადგურებს და ერთ დღესაც კარინი ყველაფერს წერტილს უსვამს.
კარინის წასვლის შემდეგ პეტრა საბოლოოდ კარგავს საკუთარ თავს მაგრამ იმედი აქვს რომ კარინი დაურეკავს და მის ხმას ისევ გაიგონებს, თუმცა კარინის მაგივრად „სხვები“ ურეკავენ, პეტრას კი მხოლოდ ერთი პასუხი აქვს მათთვის: „არა ეს კანტი არ არის!“ მართლაც ასეა, ფონ კანტი ქრება, მისი ძველებური თავდაჯერებულობა და ძლიერი ხასიათი უცბად იკარგება. ბუბა გოგორიშვილი მკვეთრი გამომსახველობითი ხერხებით თამაშობს და ამით მაყურებელზე ძლიერ ემოციურ ზეგავლენას ახდენს.
რეჟისორი დავით მღებრიშვილი უცვლელად მიყვება პიესას. სპექტაკლში გათამაშებული დრამა პეტრას სამუშაო ოთახში მიმდინარეობს, თამრი ოხიკიანის სცენოგრაფიული გადაწყვეტა არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნის მსახიობების კოსტიუმებთან. სცენაზე შავი ფერი დომინირებს, კუთხეში მდგარი რამდენიმე მანათობელი რგოლი საკმაოდ თვალშისაცემია, აქ მარლენის სამუშაო გარემოა შექმნილი, სადაც ის ესკიზებს ამზადებს. ცენტრში დიდი შავი ტახტი დგას, რომლის გარშემოც მოქმედება ვითარდება. სცენოგრაფის შექმნილი კოსტიუმები კარგად ესადაგება პერსონაჟების ხასიათს: პეტრას შინაგანი ცვლილებები მის ჩაცმულობაზეც არის ასახული ბუბა გოგორიშვილი ჯერ ცისფერ კაბას ირგებს, შემდეგ მწვანეს, ფინალურ სცენაში კი შავი კაბით გვევლინება. ნანკა კალატოზიშვილი სრულიად განსხვავებული ვარცხნილობითა და ჩაცმულობით იქცევს მაყურებლის ყურადღებას, მოკლე თმა და გრძელი შავი ლაბადა მის გმირს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. სპექტაკლის ყველა დეტალში იკვეთება ესთეტიური მხარე: დეკორაცია, სამოსი, დრამატურგია. ყველაფერი ერთად შეკრულ და შემდგარ სპექტაკლს ქმნის. მუსიკალური გაფორმება თავად რეჟისორს ეკუთვნის, სპექტაკლში გაჟღერებული ეტა ჯეიმსის სიმღერა At Last სასიამოვნო განწყობას ქმნის და წარმოდგენას განსხვავებულ ელფერს ანიჭებს.
სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მდგომ ადამიანებში ურთიერთგაგება და გულწრფელი ურთიერთობა რთულია. ამაზე მიგვანიშნებს რეჟისორიც, რომელიც პერსონაჟების სულიერ ტკივილებსა და განცდებს მარტივი ხერხებით გვიზიარებს სცენიდან.
პიესა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც კარგად არის ნაჩვენები ადამიანების მანკიერებები. პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები სიყვარულის ძალადობრივ და გამანადგურებელ მხარეებს ამჟღავნებს. სასიყვარულო სამკუთხედი რომელიც მთლიანად ძალაუფლებას ეყრდნობა, ურთიერთობის საშიშ სახეს გვიჩვენებს. გრძნობებით მანიპულირება, სიყალბე, მორჩილება ის ასპექტებია, რომელსაც სპექტაკლის მთავარ სათქმელამდე მივყავართ. ვნებით დაბრმავებულ პეტრას ხელიდან ეცლება ყველაფერი ის, რაც აქამდე ჰქონდა: ძალაუფლება, კარიერა, ოჯახი და საბოლოოდ მარტო რჩება.
ავტორი: ლიკა ბანძელაძე
რეცენზია წარმოადგენს კონკრეტული ავტორის აზრს, შესაძლებელია რედაქცია kulisebi.ge არ იზიარებდეს ავტორის აზრს