ავტორი: ლიკა ბანძელაძე | რეცენზია შეიცავს სპოილერს
მასალაში გამოყენებულია სამეფო უბნის თეატრის ფოტოები
გერმანიაში მოღვაწე რეჟისორის, დრამატურგისა და მწერლის ნინო ხარატიშვილის სახელს თეატრის აფიშაზე ხშირად შევხვედრივართ. მისი რეჟისორობით არაერთი საინტერესო სპექტაკლი დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე: „ლივ შტაინი“ (სამეფო უბნის თეატრი), Radio Universe (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი), „ფედრა ცეცხლის ალში“ (სამეფო უბნის თეატრი), სწორედ ამ უკანასკნელ სპექტაკლზე გავამახვილებ ყურადღებას.
ნინო ხარატიშვილის პიესა „ფედრა ალმოდებული“ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს ეხმიანება და ამავდროულად ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ისეთი შედევრი როგორიც არის ევრიპიდეს ტრაგედია „ჰიპოლიტოსი“, რომლის მიხედვითაც შეიქმნა არაერთი სრულყოფილი დრამატურგიული ნამუშევარი: ლუციუს სენეკას „ფედრა“, ჟან რასინის ამავე სახელწოდების პიესა. ამ ინტერპეტაციათა სიმრავლეში განსაკუთრებული ადგილი აქვს ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსს“, რომელიც პირველად ათენის თეატრის სცენაზე დაიდგა და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა. პიესის მიხედვით ჰიპოლიტოსი ელადის მეფის თეზევსის ძეა. მეფე ამარცხებს მინოტავრს და ცოლად ირთავს პასიფაეს ასულ ფედრას, თუმცა ფედრას თავდავიწყებით უყვარდება მისი გერი ჰიპოლიტოსი, ვნებით შეპყრობილი დედოფლის საიდუმლოს მისი ძიძა ჰიპოლიტოსს უმხელს. სწორედ აქ იწყება ტრაგედიაც, რომელიც პიესის სამივე გმირს: თეზევსს, ჰიპოლიტოსსა და ფედრას ერთიანად ანადგურებს. სიმართლის გაგების შემდეგ განრისხებული ჰიპოლიტოსი ფედრას სიყვარულს უარყოფს და მას ემუქრება. უფლისწულის რეაქციას დედოფლის საბედისწერო საქციელი მოყვება, ფედრა ცრუ წერილს წერს და თავს იკლავს. წერილში ის შურისძიების მიზნით ჰიპოლიტოსს ცილს სწამებს და თეზევსთან „ამხელს“ უდანაშაულო უფლისწულს. ამბის გაგების შემდეგ მეფეს შვილის მიმართ საბედისწერო განაჩენი გამოაქვს და ჰიპოლიტოსს სასიკვდილოდ სწირავს. ერთი სიტყვით, ფედრას ლტოლვას უფლისწული, მეფე და თავად დედოფალიც ეწირება. ტრაგედია „ჰიპოლიტოსი“ ადამიანების მანკიერებებისა და აკრძალული გრძნობების გამოხატულებაა. ევრიპიდეს პერსონაჟი ფედრა ცალმხრივ სიყვარულს ბოლომდე ებრძვის, ცდილობს ღირსების შენარჩუნებას, მიუხედავად ამისა საკუთარ თავს ვერ ერევა და საბოლოოდ ნებდება. ბერძნულ ტრაგედიაში ფედრა სრულყოფილ ლიტერატურულ პერსონაჟადაა აღიარებული, ამან განაპირობა არაერთი დრამატურგისა და მწერლის დაინტერესება ამ გმირით. პიესა ამ საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას, ამაზე მეტყველებს ისიც რომ დღემდე იქმნება ევრიპიდეს ბერძნული ტრაგედიის თანამედროვე ინტერპრეტაციები: ბრიტანელი დრამატურგის სარა კეინის პიესა „ფედრას სიყვარული“, მარინა ცვეტაევასა და სხვათა ნამუშევრები. ჩვენს ეპოქაში ბერძნული ტრაგედიების თეატრის სცენაზე გადმოტანა ერთმნიშვნელოვნად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს.
„ფედრა ალმოდებული“ თეატრის აფიშაზე განსხვავებული სათაურით გამოჩნდა, „ფედრა ცეცხლის ალში“ საბოლოოდ ასე დაერქვა ნინო ხარატიშვილის სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 2022 წლის 28 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრის სცენაზე შედგა. სპექტაკლში ექვსი მსახიობი მონაწილეობს: ნატა მურვანიძე, ზაალ ჩიქობავა, ნატუკა კახიძე, გაგა შიშინაშვილი, ნინო ბურდული/ბაია დვალიშვილი და ანანო მახარაძე. ხარატიშვილის პიესაში მოქმედება ათენში, დედოფალი ფედრას გარშემო ვითარდება. ევრიპიდეს ტრაგედიისგან განსხვავებით როგორც პიესაში, ისევე სპექტაკლშიც ფაბულა შეცვლილია, სცენაზე მაყურებელს ბერძნული მითის სახეცვლილი ვერსია ხვდება. ფედრასა და თეზევსს ორი ვაჟი ჰყავთ: დემოფონე და აკამასი. დემოფონე (გაგა შიშინაშვილი) მამაცი, შეუპოვარი უფლისწულია, ცდილობს მამას იმედები არ გაუცრუოს და ბრძოლაში ყოველთვის თავი გამოიჩინოს, მისი ანტიპოდია უმცროსი ძმა აკამასი (ნატუკა კახიძე), რომელიც მუდამ დედის კალთას არის ამოფარებული, ძლიერ უყვარს ცხოველები და დემოფონესგან განსხვავებით საერთოდ არ ანაღვლებს სამეფო კარის მართვა. რეჟისორის გადაწყვეტილებით უფლისწულის როლს მსახიობი ნატუკა კახიძე ასრულებს, სპექტაკლში მამაკაცის როლს ასრულებს ასევე მსახიობი ნინო ბურდულიც, რომელიც ეკლესიის მსახურის პანოპეუსის როლში გვევლინება. ხარატიშვილის ეს საინტერესო და უჩვეულო გადაწყვეტა შეიძლება თამამად ითქვას რომ ნამდვილად ამართლებს.
მეფე თეზევსი (ზაალ ჩიქობავა) მინოტავრის დამმარცხებელი მეფის სახელით არის ცნობილი, ის სახელმწიფო ინტერესებსა და პირად რეპუტაციას პირველ ადგილას აყენებს. თეზევსი მუდამ სახელმწიფო საქმეებითაა დაკავებული; აწარმოებს მოლაპარაკებებს, აგებს ტაძრებს, ამის გამო დედოფალი ფედრა მეუღლის ჩრდილქვეშაა მოქცეული. სპექტაკლი სწორედ ფედრას მონოლოგით იწყება: „დავიღალე! ვეტყვი რომ ძალიან დავიღალე. და უფლება მაქვს საკუთარი თავი დავიბრუნო.“ ფედრას რომ ცხოვრებაში სიახლე და მეტი თავისუფლება სჭირდება ეს შვილთან აკამასთან თამაშის დროსაც ჩანს: „ერთხელაც იქნება, გადაირევი. მართლა გაგიჟდები. მიაფურთხებ ყველაფერს. სულერთი გახდება ყველაფერი…“ -ამბობს ფედრა. დედოფალს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება უნდა, ბედნიერების ძიებაშია და ხანგრძლივი სიზმრიდან გამოღვიძებას ცდილობს. აკამასს დედის არ ესმის, ფედრა ხომ ხალხისა და მეფისგან განებივრებული დედოფალია. მას პატივს ცემენ, უყვართ მაგრამ ეს სიყვარული ფედრასთვის საკმარისი არ არის. თეზევსის გული და გონება მთლიანად დემოფონესკენ არის მიმართული, მეფე უფროსი ვაჟისთვის საცოლეს ეძებს, ამიტომაც ფედრა თავის გრძნობებთან მარტო რჩება.
სპექტაკლში ერთ-ერთ სცენაში თეზევსი რეჟისორს ახალი, მნიშვნელოვანი ამბით შემოყავს. ის ფედრას დემოფონესთვის შერჩეულ საცოლეზე უყვება და თან მკაცრად ავალებს რომ მომავალ სარძლოს ყურადღება მიაქციოს. პერსეა (ანანო მახარაძე) ელოისელი მაღალჩინოსნის ქალიშვილია, თამამი მეამბოხე გოგო, რომელიც თეზევსის აზრით, დემოფონესაც აუცილებლად მოეწონება. სასახლეში პერსეას გამოჩენით სამეფო კარის წევრების ცხოვრება რადიკალურად იცვლება. პერსეასა და ფედრას შეხვედრა უჩვეულო დიალოგით იწყება. დედოფალი მომავალ სარძლოს სასმელს უნაწილებს, ვფიქრობ ალკოჰოლი ერთგვარი მეტაფორაა, ერთ-ერთი წვრილმანია ფედრასა და პერსეას დაახლოების, რომელსაც სპექტაკლში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ალკოჰოლის წყალობით გაურბის ფედრა ყოველდღიურობას, ივიწყებს რეალობას და საკუთარ თავს. ფედრასა და პერსეას დაახლოებას მათი ხშირი შეხვედრებიც უწყობს ხელს, დედოფალს ძლიერი თავისტკივილები აწუხებს, პერსეა კი ტკივილების განკურნებაში ეხმარება. სასახლეში ახალი სარძლო უმცროსი უფლისწულის აკამასის გულის მოგებასაც ახერხებს, მათ მეგობრულ ურთიერთობას ფედრაც ამჩნევს და ერთ დღესაც თერმაში შესული დედოფალი შემთხვევით აკამასსა და პერსეას გადააწყდება. სასახლის წესების მიხედვით როდესაც თერმაში „ქალების დღეა“ მამაკაცებს იქ ყოფნა ეკრძალებათ, ამიტომაც აკამასი იძულებულია თერმა დატოვოს, ფედრა და პერსეა კი მარტონი რჩებიან.
პანოპეუსი(ნინო ბურდული) ათენის ტაძრის მღვდელმსახურია, მუდამ ელოდება შესაბამის დროს, იმისთვის რომ ყველას ზემოდან გადმოხედოს, თეზევსსა და ღმერთებს შორის შუამავლის როლით სარგებლობს და თავის ინტერესებს საშიში მიზნებისთვის იყენებს. სპექტაკლში კარგად იკვეთება პანოპეუსის დამოკიდებულება ფედრასადმი. მღვდელმსახური ყურადღებით აკვირდება დედოფალს, მოჩვენებითი ერთგულებით ცდილობს დედოფლის კეთილგანწყობა დაიმსახუროს.
სპექტაკლი რელიგიურ-პოლიტიკურ ინტრიგებზეა, სადაც დიდი როლი აქვს რელიგიურ ფაქტორს. მღვედელმსახური პანოპეუსი სასახლეში ავტორიტეტით სარგებლობს, ის ათენში ფარმაკოსის აღდგენას აპირებს (ფარმაკოსი – ადამიანთა მსხვერპლშეწირვა). ფედრას პანოპეუსის იდეა არ მოწონს, თუმცა როგორც მღვდელმსახური ამბობს, ადამიანთა მსხვერპლშეწირვით დიდი მსხვერპლის აცილებაა შესაძლებელი. რიტუალი, რომელიც ძალადობის წახალისებაა, პანოპეუსის აზრით განწმენდად და ღვთიურ საქმედ ითვლება. ფედრასა და პერსეას სწრაფი დაახლოება და აკრძალული ვნება, სასახლეში ყველაფერს თავდაყირა აყენებს. აკამასს პერსეასა და ფედრას ხშირი შეხვედრები ეჭვს უჩენს, საიდუმლო რომელიც დედოფალსა და სარძლოს აკავშირებთ, მალე მთელ სასახლეში ხდება ცნობილი და დგება პანოპეუსის დროც. პერსეას, რომელმაც ფედრა საბოლოოდ გამოაღვიძა და საკუთარი თავი აპოვნინა, მსხვერპლად სწირავენ. დედოფალი ცეცხლის ალში ეხვევა, ალი იმდენად ძლიერია რომ მთელ სამეფო ოჯახს ედება. ბედნიერების მაძიებელი ფედრა უბედურების შეჩერებას ვერ ახერხებს. პანოპეუსის მონოლოგი, რომელიც პერსეას მსხვერპლშეწირვას აღწერს მაყურებლისთვის შემზარავი და დამთრგუნველია, მონოლოგის პარალელურად სცენის გარშემო მაღალი სარკეები იწყებს მოძრაობას და მაყურებელი საკუთარ გამოსახულებას ხედავს, სისხლით მოსვრილი პერსეა პარტერში ჩუმად შემოდის და მაყურებლის გავლით ფედრას უახლოვდება. სარკეები, რომელიც სცენის ირგვლივ არის განლაგებული მაყურებლის ემოციას, გრძნობებსა და განცდებს ირეკლავს, ამ ხერხით რეჟისორი გვაძლევს საშუალებას საკუთარ რეაქციებს დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ ვართ თუ არა მსხვეპლშეწირვის თანამონაწილენი. ვის მიმართ გამოვხატავთ ემპათიას პერსეას თუ პანოპეუსის? თანავუგრძნობთ თუ ვსჯით ფედრას? ჩვენც ვწირავთ თუ არა პერსეას? სარკეში ჩახედვით ამ კითხვებს სპექტაკლის დასასრულს ვცემთ პასუხებს.
პერსეას გაქრობა ფედრაში ნაპერწკალს აჩენს, რომელიც იმდენად იზრდება რომ საბოლოოდ ცეცხლის მწველ ალად იქცევა. ნინო ხარატიშვილი გვაჩვენებს თუ როგორი სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს გაბოროტებული ბრბო, მაშინ როცა მათ ავიწყდებათ რას ნიშნავს სიყვარული და თავისუფლება. რელიგიური ფანატიზმის ნიშნები კარგად ჩანს სპექტაკლში. ის რასაც პანოპეუსი წმინდა რიტუალს უწოდებს, სინამდვილეში ადამიანთა მართვა, რელიგიის იარაღად გამოყენება და ძალადობის წახალისებაა.
რეჟისორი სცენაზე კომპლექსურ და რთულ ურთიერთობებს გვიჩვენებს. ვნებისა და ტრაგიზმის ისეთი სინთეზი, როგორიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლშია მხოლოდ ბერძნულ ტრაგედიებში თუ შევხვდებით.
სპექტაკლი ძალაუფლების, რელიგიური და პოლიტიკური ინტრიგების თემატიკაზეა. პატრიარქალურ გარემოში ფედრას ვნება და სიყვარული პასუხია, თეზევსის ღალატზე, მის თვალთმაქცობაზე, სიმარტოვესა და ეგოიზმზე.
სპექტაკლში სცენოგრაფი იულია ბ. ნოვიკოვას გადაწყვეტა და მხატვარი გუნა მაიერის კოსტიუმები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. გამოსარჩევია ფერთა სიჭრელეც, რომლითაც სცენოგრაფი სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს კიდევ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს. პერსონაჟთა ჩაცმულობაში ხშირად შავი ფერი ჭარბობს, თუმცა ამ ფერს ნატა მურვანიძის დიდი ვარდისფერი კაბა ანაცვლებს და მაყურებელთა განწყობაც ფერების ცვალებადობის მიხედვით იცვლება. მსახიობთა თამაშის პარალელურად მაყურებელთა ყურადღებას იქცევს ზაზა რუსაძის ვიდეო ინსტალაციაც. სპექტაკლის კიდევ ერთი მთავარი ნაწილი თინი ნოღაიდელის (სასცენო სახელი Remmee) სიმღერაა, რომელიც სწორედ სპექტაკლისთვის დაიწერა.
ანუკა მურვანიძის გრიმი ნინო ბურდულის პერსონაჟის მკაცრ ხასიათს ზუსტად ესადაგება, აღსანიშნავია ასევე ნატუკა კახიძის აკამასის გარეგნული მახასიათებლებიც: მოკლე თმა, თვალების გარშემო მკვეთრი შავი მოხაზულობა და მოკლე წვერი ახალგაზრდა უფლისწულს მომხიბვლელობას მატებს.
ანტიკურ ტრაგედიაში აღწერილი ფედრა სასოწარკვეთილი, დამცირებული და უარყოფილი ქალის სახეა, თუმცა ნატა მურვანიძის ფედრა საკმაოდ განსხვავებულია: ის ღირსეული, თავშეკავებული, ჭკვიანი დედოფალია, რომელსაც საკუთარი სისუსტეები აქვს. ნატა მურვანიძის გულწრფელი შესრულება ემოციურ გავლენას ახდენს მაყურებელზე, ფედრა დიდ და რთულ გზას გადის მთელი სპექტაკლის მანძილზე. არანაკლებ საინტერესო სახეებს ქმნიან ზაალ ჩიქობავა, ნინო ბურდული და ნატუკა კახიძე.
ფინალურ სცენაში თეზევსი, ფედრა, აკამასი და დემოფონე სუფრასთან სხედან. თითქოს ძველებური ოჯახის სახის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა უკვე ძალიან გვიანია. ფედრა ცეცხლის ალში ეხვევა, წითელი ალი ყველაფერს შთანთქავს, სცენა ბნელდება მხოლოდ ფედრა ჩანს ხელში მოკიაფე წითელი ალით…
ავტორი: ლიკა ბანძელაძე
მასალაში გამოყენებულია სამეფო უბნის თეატრის ფოტოები