!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 1 mochvenebebi gallery 3](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/mochvenebebi-gallery-3-1024x576.jpg)
“ჩვენ ყველანი მოჩვენებანი ვართ. ჩვენში თავს იჩენს არა მარტო ის, რაც მემკვიდრეობითად გადმოგვეცა მშობლებისგან. არსებობენ ძველი დრომოჭმული ცნებები, მკვდარი რწმენები. ისინი მტკიცედ ჩამჯდარან ჩვენში და ჩვენ უძლურნი ვართ გადავაგდოთ ეს დახავსებული მოჩვენებები.”
ნუთუ შესაძლებელია საიდუმლოებების დამალვა, თუ ეს შენ გარდა სხვებსაც ეხება? მწარე სიმართლეს გაჩუმებას ამჯობინებ? შვილს გადაარჩენ სიმართლით თუ დაღუპავ? ეს შეკითხვები მიტრიალებდა თავში თავისუფალი თეატრიდან შინ მიმავალს. ნარკომანია, შვილებისა და მშობლების დაუსრულებელი კონფლიქტი, ინცესტი, ღალატი, ევთანაზია… ამ თემებზე გვესაუბრება რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლში “მოჩვენებები”. ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ნორვეგიელმა დრამატურგმა ჰენრიკ იბსენმა მეცხრამეტე საუკუნეში დაწერა ჩვენს ეპოქაშიც არ კარგავს აქტუალობას. იბსენი საკმაოდ მწვავედ წარმოაჩენდა სოციუმის პრობლემებს, ამ მხრივ არც რეჟისორი შეეცადა პიესა შეელამაზებინა, მიუხედავად იმისა რომ “მოჩვენებები” ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თხზულებაა და მისი დადგმა თეატრში ერთი პერიოდი აკრძალულიც კი იყო.
ბევრი ტრაგიკული სპექტაკლი მინახავს, მაგრამ ამ პიესაში აღწერილი ისტორია ნამდვილად არ ჰგავს არც ერთ იმ ამბავს რომელიც თავისუფალი თეატრის სცენაზე აქამდე დაუდგამთ. იბსენის პიესა “მოჩვენებები” სავსეა სიმბოლიზმით, მისი პერსონაჟები მუდამ საკუთარი თავის ძიებაში არიან, სულიერად იხრწნებიან, განიცდიან აღმაფრენასა და ებრძვიან საკუთარ სისუსტეებს. ერთი სიტყვით პიესა მორალურ მხარეებზეა და თუ კი მორალურ სტანდარტებს გავყვებით მაშინ ბედნიერებასა და თავისუფლებას დავკარგავთ. ერთი მორალური სტანდარტი ხომ მეორეს ეწინააღმდეგება, ამიტომ ყველაფერი შედარებითია.
!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 2 mochvenebebi gallery 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/mochvenebebi-gallery-1-1-1024x576.jpg)
!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 3 mochvenebebi gallery 2](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/mochvenebebi-gallery-2-1024x576.jpg)
!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 4 mochvenebebi gallery 3 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/mochvenebebi-gallery-3-1-1024x576.jpg)
!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 5 mochvenebebi gallery 4](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/mochvenebebi-gallery-4-1024x576.jpg)
ალვინგების სახლს დაუპატიჟებელი სტუმარი დურგალი ენგსტრანდი (სლავა ნათენაძე) ეწვევა, მას მისი შვილი მოსამსახურე რეგინა ( ვიქტორია ბოკერია) უღებს კარს. ენგსტრანდი რეგინას ალვინგების ოჯახის მიტოვებას სთავაზობს, ამის მიუხედავად შვილის დაყოლიებას ვერ ახერხებს და სახლს ტოვებს, თუმცა არასასურველი სტუმრების სიას სულ მალე პასტორი მანდერსიც (არჩილ ბარათაშვილი) უერთდება. ამ პერსონაჟის გამოჩენით ალვინგების ოჯახში ქაოსი იწყება. პასტორი ფრუ ალვინგს (ანი იმნაძე) მისი დაღუპული მეუღლის სახელის წარმოსაჩენად პანსიონატის გახსნაში ეხმარება, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. “მოჩვენებები” არ ისვენებენ, წარსულში ჩადენილი ცოდვებისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება, მათ შორის ფრუ ალვინგსაც. პასტორი მანდერსისთვის მთავარი ქრისტიანული მორალია, მაგრამ მისი სიყალბე და ფარისევლობა დიდ ზიანს აყენებს ელენ ალვინგის ღირსებას. სპექტაკლის დასაწყისში მაყურებელი ამაყ, ბედნიერ და უდარდელ ფრუ ალვინგს ხედავს, თუმცა ესეც მოჩვენებითია. ის ვერ გაურბის წარსულს, თვალთმაქცობს და თავის შენიღბვას ცდილობს, საბოლოოდ მაყურებელი დაღლილ, დატანჯულ, უბედურ ქალს ხედავს, რომელიც ვერც შვილს იცავს მწარე სიმართლისგან და ვერც საკუთარ თავს. ამ რთული და კომპლექსური პერსონაჟის გაცოცხლება ანი იმნაძეს ნამდვილად არ გასჭირვებია. მსახიობმა არაჩვეულბრივად შეძლო მაყურებლისთვის ზუსტად დაენახებინა ფრუ ალვინგის სულიერი სამყარო. შეიძლება ითქვას რომ ელენ ალვინგი საკუთარი თავისა და შვილის გადარჩენისთვის იბრძვის, მზრუნველი დედის როლს ირგებს, თუმცა მისი ქმედებები ტრაგედიის მიზეზი ხდება.
ოსვალდი( გივიკო ბარათაშვილი) კაპიტანი ალვინგის ვაჟია, ის პარიზიდან სახლში დედასთან ბრუნდება. დედა-შვილს შორის გაუცხოება თავიდანვე თვალშისაცემია, თითქოს მათ შორის სულიერი უფსკრულია გაჩენილი. ფრუ ალვინგისა და ოსვალდის დიალოგი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილია მთლიან სპექტაკლში, გივიკო ბარათაშვილსა და ანი იმნაძეს შორის ნდობა ნამდვილად იგრძნობა, შეიძლება ითქვას რომ მათ ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით, ამიტომაც პერსონაჟების დიალოგი საკმაოდ ბუნებრივი და საინტერესოა მაყურებლისთვის.თავდაპირველად ოსვალდსა და ფრუ ალვინგს შორის ბევრი დაფარული საიდუმლოა, რაც დედა-შვილის ურთიერთობაში ბზარს აჩენს. სპექტაკლის დასაწყისში მაყურებელი ზედმეტად გათამამებულ ოსვალდს ხედავს, რომელიც ბევრს სვამს, ეწევა, მოურიდებლად დედის თვალწინ ცდილობს მოსამსახურე რეგინას “შებმას” და ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს არაფერი ადარდებდეს. სპექტაკლის განვითარების პარალელურად პერსონაჟი იწყებს საკუთარი დაკარგული “მეს” ძიებას, მაგრამ იმდენად უძლური და სუსტია რომ თავს ვერ ერევა და საბოლოოდ გაქრობას და დამარცხებას ამჯობინებს. კაპიტანი ალვინგის ცოდვებზე მისი შვილი ოსვალდია პასუხისმგებელი, მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ახალგაზრდა კაცს უჭირს მოჩვენებებთან გამკლავება. ის იტანჯება და ამას თავად ფრუ ალვინგიც ხედავს, მაგრამ შვილის ტანჯვის შემსუბუქებას ვერ ახერხებს. ოსვალდის ხასიათი მის ჩაცმულობაში, ქცევებსა და ლაპარაკის მანერაში ვლინდება. გივიკო ბარათაშვილის შესრულება ძალიან დამაჯერებელი და რეალისტურია, აქვე მინდა აღვნიშნო რომ ახალგაზრდა მსახიობი შესანიშნავად ახერხებს სცენაზე გადმოსცეს პერსონაჟის მძიმე სულიერი მდგომარეობა, სწორედ ამიტომ მისი თამაში ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარია.
პიესის პერსონაჟებს კონკრეტული ზრახვები და მიზნები აქვთ. პასტორი მანდერსი (არჩილ ბარათაშვილი) ღვთისმსახურია, თუმცა მორწმუნე და გაწონასწორებული მღვდლის უკან ცბიერი და საშიში ადამიანი იმალება. საბოლოო ჯამში ანაფორას ამოფარებული პასტორი რეალური სახის დამალვას ვერ ახერხებს და მასში ის ბნელი მხარეები იღვიძებს, რაც მაყურებლისთვის აქამდე დაფარული იყო.
იბსენის პერსონაჟების ფსიქოტიპის სწორად წარმოჩენა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილს ნამდვილად არ გასჭირვებია, ის მაყურებელს ყველა დეტალით აცნობს ოსვალდის, პასტორი მანდერსისა და ფრუ ალვინგის გმირებს. შემიძლია თამამად ვთქვა რომ სპექტაკლი “მოჩვენებები” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თეატრალური ნამუშევარია რაც აქამდე მინახავს. არ მინდა უყურადღებოდ დავტოვო ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც სპექტაკლს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. სცენოგრაფი ანდრია ვაჭრიძის მიერ წარმოდგენილი დეკორაცია ზუსტად არის მორგებული სპექტაკლში გათამაშებულ დრამაზე. თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სცენის ცენტრში დიდი სარკეა, რომელიც პერსონაჟების ყველა მოქმედებას ირეკლავს, სარკის ავტომატური მოძრაობის შედეგად მაყურებელი სცენაზე ცეცხლმოკიდებულ პანსიონატს ხედავს. ერთ-ერთ კუთხეში ხის დიდი ჯვარია აღმართული, იესო ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლო, სადაც პასტორი მანდერსი ფრუ ალვინგის აღსარებას ისმენს. ძირითადად მსახიობები სარკის ქვეშ მოძრაობენ, სადაც მაგიდა და სკამებია განლაგებული. ამ გარემოს კი მთლიანად ავსებს სპექტაკლში გამოყენებული მუსიკა, რომელიც ვახტანგ გვახარიას ეკუთვნის. მუსიკალურმა გაფორმებამ ჩემზე როგორც მაყურებელზე დიდი გავლენა მოახდინა და სპექტაკლს უფრო მეტი ხიბლი შესძინა.
საბოლოო ჯამში ჰენრიკ იბსენის პიესაში ზნეობისა და ადამიანური სისუსტეების დაპირისპირებაა ასახული. სპექტაკლი “მოჩვენებები” ბევრ რამეს გვასწავლის და სიმართლის მნიშვნელობაზეც დაგვაფიქრებს. სპექტაკლის ნახვას ყველა ასაკის ადამიანს ვურჩევდი, განსაკუთრებით მათ, ვინც ილუზიებში ცხოვრობს. ნახეთ და თავად განსაჯეთ ალვინგების ოჯახის ისტორია.
!["მოჩვენებები" - ლიკა ბანძელაძის რეცენზია 6 image 6](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/image-6-837x1024.png)
რეცენზიის ავტორი | ლიკა ბანძელაძე
მასალაში გამოყენებულია “თავისუფალი თეატრის” ფოტოები