!["შევეცადეთ, რომ კარგად გვეჩვენებინა ის ყოფა რაც იმ დროს სამალავში ხდებოდა" - ოთარ ქათამაძე 1 ოთარ ქათამაძე](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/ოთარ-ქათამაძე-1024x557.jpg)
“მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კარგები არიან”… ანე ფრანკი
გერმანელების დანაშაულის მამხილებელი დოკუმენტი “ანე ფრანკის დღიური” ახმეტელის თეატრის სცენაზე გაცოცხლდა. 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ამავე დღეს ახმეტელის თეატრში პრემიერა გაიმართა. ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესის მიხედვით, „ანე ფრანკის დღიური“ რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა.
“შევეცადეთ, რომ კარგად გვეჩვენებინა ის ყოფა რაც იმ დროს სამალავში ხდებოდა” – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე kulisebi.ge-სთან.
“იდეაში თავიდან არ მქონია რომ ეს პიესა დამედგა. შემოთავაზება ახმეტელის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელ ირაკლი გოგიასგან მივიღე. დავთანხმდი რადგან ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და დიდი გამოწვევა იყო” – ამბობს რეჟისორი
სპექტაკლზე მუშაობის დროს რა გამოწვევებს შეხვდით, რა იყო თქვენთვის მთავარი?
მთავარი გამოწვევა, მსახიობებისთვის და ასევე ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის იყო, რომ ის ატმოსფერო, გრძნობები და განცდები სრულად გადმოგვეტანა რასაც ისინი იმ მომენტში გრძნობდნენ. როცა საქმე მიდგება ხოლმე დოკუმენტურ მასალასთან, აი აქ ყოველთვის ჩნდება საკითხი, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ და თვალნათლივ გადმოვცეთ ის რეალობა და შეგვექმნა დაძაბულობა, აი ის შიში, შიმშილი – ყველა გრძნობა რასაც ისინი განიცდიდნენ მაყურებლამდე უნდა მიგვეტანა. როდესაც მე მაყურებლის შეფასებები წავიკითხე, ისინი წერდნენ, რომ მათ მსახიობებთან ერთად იცხოვრეს და ის გზა გაიარეს. სწორედ ამ ყველაფრის მიღწევა გვინდოდა.
მუსიკა… თქვენს სპექტაკლში ძალიან ემოციური იყო მსახიობების ებრაულ ენაზე შესრულებული სიმღერები…
მუსიკას რაც შეეხება, არ მინდოდა სპექტაკლში ის ებრაული სიმღერები გამომეყენებინა, რომელიც მსმენელისთვის შედარებით ნაცნობი და მრავალჯერ გამოყენებული იყო სხვა სპექტაკლებში. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე თუ რა მუსიკას ასრულებ, ბუნებრივია ყველა სიმღერას თავისი სათქმელი აქვს.
ძიების პროცესში არაერთი ადამიანი მუშაობდა, ვოკალისტები, პედაგოგები თარჯიმნები. ვთარგმნეთ ტექსტები, რომ გაგვეგო რას ეხებოდა ტექსტი და თუ იყო შესაბამისობაში იმ ატმოსფეროსთან რისი გადმოცემაც გვსურდა. თავის მხრივ სპექტაკლში მუსიკასაც უნდა ჰქონოდა რაღაც გზავნილი მაყურებლისთვის
ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მუსიკის მხრივაც გამორჩეული სპექტაკლი გამოვიდა.
სხვა თემასაც, რომ შევეხოთ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. ვიხილავთ თუ არა თქვენს სხვა ნამუშევრებსაც ახმეტელის თეატრში
ახმეტელის თეატრთან მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ. თეატრის დასთან ერთად აღვადგინეთ სპექტაკლი, ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე “ხანუმა” რომლის პრემიერაც მარტში შედგება. არის სხვა სიახლეები რომლებსაც მალე გაგიზიარებთ.
!["შევეცადეთ, რომ კარგად გვეჩვენებინა ის ყოფა რაც იმ დროს სამალავში ხდებოდა" - ოთარ ქათამაძე 2 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/02/1-1-1024x232.jpg)