![სენაკის თეატრში „ჩიპოლინოს“ პრემიერა შედგა 1 1 1](https://kulisebi.ge/wp-content/uploads/2024/01/1-1.jpeg)
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ დაიდგა.
პრემიერას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ჩიპოლინოს თავგადასავალი“ არის მუსიკალური, კოსტიუმირებული ზღაპარი ულამაზესი სიმღერებით, ცეკვებითა და კომედიური დიალოგებით, რომელშიც იტალიელი მწერლის, ჯანი როდარის, გამოგონილი მთავარი გმირი – კეთილი და გულუბრყვილო ხახვი-ბიჭუნა, სახელად ჩიპოლინო, მეგობრებთან ერთად ებრძვის ბოროტმოქმედ გმირებს, იმარჯვებს და აკეთილშობილებს მათ. ზღაპარი არის შემეცნებითი ხასიათის, ბავშვებს ასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს, განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა; სცენოგრაფია და მხატვრობა ეკუთვნით აივენგო ჭელიძეს, ემილ გეგენავასა და მალხაზ კორთხონჯიას; კომპოზიტორი და სიმღერების ტექსტების ავტორია კოტე მალანია, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარია სოფი ჩალაშვილი, კოსტიუმები შეკერა მაკა კილასონიამ; რეჟისორის თანაშემწეა ლალი გაბელაია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ირაკლი ადამია, ტარიელ ზურაბაშვილი, ლადო კოკაია, ზურაბ ზურაბაშვილი, ჯამბულ ჭანტურია, ლალი გაბელაია, ელგუჯა ნოდარიძე, ეკა კოღუა, თამარ აბშილავა-კობახიძე, გიორგი მურუსიძე, ზვიად ზურაბაშვილი, რაულ კიკალეიშვილი, დიანა თურქია, ამირან მალანია და ანასტასია ზუხბაია.
სპექტაკლში, ასევე, მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის კულტურის ცენტრის ერთობლივი თეატრალური ხელოვნების სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები.
სპექტაკლის შემდეგ კულტურის მინისტრმა მოინახულა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი, რომელიც განახლდა სამინისტროს კონკურსის – „სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში“, ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში. აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი, მოეწყო საექსპოზიციო სივრცე.